„ბათუმმა“ ორ დღეში მეორე გამარჯვება მიითვალა. გუშინ დავით
უსტიაშვილის შეგირდებმა მე–4 ტურის გამოტოვებულ მატჩში „ავიამშენს“ მოუგეს,
დღეს კი ახალგაზრდულ „სამედიცინო–აკადემიასაც“ სძლიეს.
„ბათუმი“ შედარებით გამოცდილი და შესაბამისად ძლიერი მოთამაშეებითაა
დაკომპლექტებული, ვიდრე „სამედიცინო–აკადემია“. თან თბილისელებს ერთ–ერთი ლიდერი
მერაბ ბოქოლიშვილი აკლდა და სავარაუდოც იყო, რომ მასპინძლები გამარჯვებას
მიაღწევდნენ. თუმცა გელა წულაძის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შეხვედრა მძლავრად დაიწყო. კახა
მუმლაძისა და ნოდარ თენიეშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით მედიკოს–აკადემიელები
16:10 დაწინაურდნენ, თუმცა პირველი მეოთხედის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს
და ათწუთეული 18:21 დათმეს.
მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და
ლიდერობის განმტკიცებას მიჰყვეს ხელი. დავით იმნაძე ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო
სამწამიანში. ბათუმელმა ცენტრმა 25 ქულასა და 18 მოხსნას მოუყარა თავი, რასაც პლასიდე
როდუმტან 18 ქულა და 15 მოხსნა მოაყოლა. მხოლოდ ამ ორმა მოთამაშემ მოხსნა იმდენი
ბურთი (33), რამდენიც მთლიანად „სამედიცინო–აკადემიამ“. ასეთ ვითარებაში შედარებით
გამოუცდელი და ახალგაზრდული გუნდი წასაგებად გაიწირა. ბათუმელებმა თამაშის ბოლომდე
27–ამდე გაზარდეს უპირატესობა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.
მე–7 ტური ხვალ სპორტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც 4 მატჩი
გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც 14 საათზე დაიწყება, ერთმანეთს შსს და რუსთავული
„ენერჯი–ინვესტი“ შეერკინებიან.