ბათუმში მიმდინარეობს საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი 2001 წელსდაბადებულთა შორის. შეჯიბრი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ტარდება და მას ორგანიზებას პარტნიორი – აჭარის კალათბურთის ფედერაცია უწევს.
ტურნირში მონაწილეობენ ბათუმის, სომხეთისა და თურქეთის გუნდები. თუქრები 2 გუნდით არიან წარმოდგენილნი – აჭარის დედაქალაქში „ტრაბზონსფორი“ და ანკარის „ქარშიაქა“ ჩამოვიდნენ, ხოლო სომხეთიდან ერევნის „არაბკირი“ გვეწვია.
დებულების თანახმად, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და საუკეთესოებიც 3 სათამაშო დღის შემდეგ გამოვლინდებიან. 11 ოქტომბერს თურქულ დერბიში დიდი ბრძოლა გამართეს „ტრაბზონსფორმა“ და „ქარშიაქამ“. მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – ოვერტაიმში ანკარელება 57:54 აჯობეს ტრაბზონელებს. „ბათუმმა“ პირველ შეხვედრაში ერევნის „არაბკირი“ 98:36 გაანადგურა.
მეორე ტურის მატჩები დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართა. „ტრაბზონსფორმა“ „ბათუმს“ 75:59 აჯობა, ხოლო „ქარშიაქამ“ ერევნელებს 83:35 სძლია. დასკვნითი ტურის მატჩები ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში 13 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდება.