ბელგიელთა მწვრთნელმა მბენგა უარყო, ზაზა ფაჩულიამ თამაში დაადასტურა

ბელგიელთა მწვრთნელმა მბენგა უარყო, ზაზა ფაჩულიამ თამაში დაადასტურა

 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C  ჯგუფი.
თბილისი. სპორტის სასახლე. 20 აგვისტო. 19:00
საქართველო VS ბელგია
მსაჯები: ომერ ესტერონი (ისრაელი) სპირიდონ გონტასი (საბერძნეთი), ვიქტორ ბოჟენარი (უკრაინა)
კომისარი: პლამენ გენჩევი (უნგრთი)
 
ბელგიელთა მწვრთნელი დიდი ხუმარა კაცი ყოფილა. თბილისში ჩამოსულმა ედი კასტილსმა სრულიად სერიოზულად განაცხადა, დიჯეი მბენგა, რომელიც გასულ თამაშებში გვაკლდა, სხვა რეისით მოდის და საქართველოსთან მატჩში დაგვეხმარებაო. დღეს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ კასტილსს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, მბენგა არ ჩამოსულაო? ბელგიელთა მწვრთნელმა საათზე დაიხედა, ჯერ არა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ჩამოვაო და გვარიანად გადაიხარხარა, რითაც ყველასთვის ცხადი გახადა, რომ მბენგა არ ჩამოვა.
 
ასეა თუ ისე, ბელგია მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა და ხვალ, 20 აგვისტოს, საქათველოს ნაკრებს სრული მობილიზება მართებს, რომ საწადელ შედეგს მიაღწიოს. ბელგიელები ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ თამაშს და მოგებასაც გეგმავენ. დღეს, როცა ბელგიელებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშეს, კატეგორიულად მოითხოვეს, დარბაზში ბელგიელების გარდა არავინ იყოსო. მათ სპორტის სასახლის მომსახურე პერსონალის რამდენიმე წევრსაც კი დაატოვებინეს არენა და თითქმის 2 საათის განმავლობაში ივარჯიშეს.
 

 

 
 
სპორტის სასახლიდან გამოსულმა ბელგიელთა მწვრთნელმა, ედი კასტელსმა ეს კომენტარი გააკეთა:
„საქართველოს ნაკრებმა გასულ სეზონში დიდი საქმე გააკეთა, გადმოვიდა A დივიზიონში და წლეულს დაამტკიცა, რომ ამის ღირსი იყო. წინ რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ იმედიანად ვართ. ბელგიაში ქართველებს 10 ქულით მოვუგეთ და ვეცდებით, აქაც წარმატებას მივაღწიოთ.“
 
ბელგიელების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გამართა ვარჯიში, რომლის დაწყებისას დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ და მოთამაშეებს მატჩისწინა კომენტარები ჩამოართვეს.
 
გიორგი ცინცაძემ გულშემატკივრობის ფაქტორს გაუსვა ხაზი:
“საბრძოლველად მზად ვართ. ბელგიასთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება. ხვალ სავსე ტრიბუნების დახმარების დიდი იმედი გვაქვს”.
 
ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ გვითხრა, რომ ქართველებს ბელგიელები კარგად ჰყავთ შესწავლილი და გამარჯვებისთვის ემზადებიან:
“ბევრი ვიმგზავრეთ, მაგრამ ენერგიის აღდგენა მეტ-ნაკლებად კარგად მოვახერხეთ და მატჩისთვის მზად ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში ბელგიასთან ვთამაშობთ, თუ სხვა კონკურენტთან, უნდა მოვიგოთ. ბელგიასთან პირველ მატჩში გვქონდა შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ და მეტოქე ვაიძულოთ მეტი შეცდომა დაუშვას”.
 
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ტორინ გრინმა განვლილი მატჩები გაიხსენა:
“აქამდე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხვალინდელ მატჩამდე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გვქონოდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც დავიწყეთ, ისევე უნდა განვაგრძოთ. მომდევნო სამ შეხვედრას შორის ყველაზე რთული ხვალინდელი თამაში უნდა იყოს”.
 
ზაზა ფაჩულიას მუხლი ისევ აწუხებს, თუმცა ის ხვალ ბელგიასთან მოედანზე იქნება. ფაჩულიამ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა.
„პოლონეთთან ტრავმირებული მუხლით ვითამაშე, მოედანზე არ გავიდოდი, ექიმებს რომ არ დაერთოთ ნება. მართალია, ის მატჩი წავაგეთ, მაგრამ კარგი ისაა, რომ 18 ქულაზე მეტით არ დავმარცხდით. ამით პოლონელებთან უპირატესობა გავინაღდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვიოს.
ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. სიტუაციას ჩვენ ვკარნახობთ, არავისზე არ ვართ დამოკიდებული და თუკი დარჩენილ სამივე მატჩს მოვიგებთ, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ბელგიასთან რთული შეხვედრა გველის, თუმცა მთელი გუნდი მობილიზებულია და თუ ჩვენი თამაში ვითამაშეთ, მეტოქეს შანსს არ დავუტოვებთ“.