ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატება ესპანეთის მეორე დივიზიონში. სეზონის უშედეგოდ დაწყების შემდეგ ქართველი ფორვარდის „ლეიმა ბასკეტმა“ ბოლო 6 მატჩიდან მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ლაკორუნიელთა მორიგი მსხვერპლი ნავაროული „პლანასა“ გახდა, რომელსაც „ლეიმა ბასკეტმა“ 74:70 დაამარცხა.
ბურჯანაძეს ამჯერად შთამბეჭდავი ციფრები არ დაუფიქსირებია, თუმცა საკუთარ გუნდში მაინც საუკეთესო. ბექამ 29 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-სან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძეს მარგი ქმედების 18 ერთეული დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ის თავის გუნდში საუკეთესო იყო. სხვათა შორის, აღნიშნული კოეფიციენტის 27 ერთეულით ბურჯანაძე 10 დღის წინ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ერთი საინტერესო მომენტიც: „პლანასას“ შემადგენლობაში ითამაშა წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ოლივერ არტიაგამ, რომელმაც „ლეიმა ბასკეთთან“ შეხვედრა ბურჯანაძეზე ნაკლები შედეგიანობით დაასრულა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა.
6 მოგებითა და 8 მარცხით „ლეიმა ბასკეტმა“ 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს ლაკორუნიელები 30 დეკემბერს, სტუმრად „ლეიდასთან“ ჩაატარებენ.