ბერძნების ტრიუმფი და მაკედონიის განადგურება

ბერძნების ტრიუმფი და მაკედონიის განადგურება

ახლოვდება ევროპის ჩემპიონატი და მისი მონაწილეები დიდ სამზადისში არიან. საქართველოს ნაკრებმა ფრანგული ტურნირი მოილია და 28 აგვისტოდან იტალიაში, ოთხთა ტურნირზე იასპარეზებს. ასევე დატვირთული გრაფიკი აქვთ სხვა ნაკრებებსაც და ჩვენ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გვაინტერესებს, რომლებიც მეტ-ნაკლები წარმატებებით ასპარეზობენ ამხანაგურ მატჩებში.
ჯგუფურ ეტაპზე ქართველების მეტოქე საბერძნეთმა საკუთარ ქვეყანაში უმასპინძლა საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირს. ქალაქ ქსანთში თავი მოიყარეს რუსეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და ჩეხეთის ნაკრებებმა. სამივე ამ ნაკრებს ბერძნებმა სძლიეს და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს.

ფოტის კაციკარისის შეგირდებმა გასულ დღეებში ჩეხეთს (70:56) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (83:44) მოუგეს, ფინალის დარ მატჩში კი რუსეთიც დაჩაგრეს – 80:65. რუსები ფავორიტს ბოლო მეოთხედამდე გაუძალიანდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში ბერძნების უპირატესობა აშკარა იყო – 24:11.
ბერძენთა რიგებში არ უთამაშია “მილუოკი ბაქსის” უნივერსალ ფორვარდ იანის ანტეტოკოუნმპოს. სამაგიეროდ, დიდებულად გაისარჯნენ იანის ბურუსისი და გეორგიოს პრინტეზისი, რომელთაც 16-16 ქულა ჩააგდეს. ორმაგი დუბლი (14 ქულა, 11 მოხსნა) ჰქონდა კოსტა კუფოსს, ხოლო ნიკოს ზისისმა და ვასილის სპანულისმა 11-11 ქულა მოაგროვეს. რუსეთის ნაკრებში განსაკუთრებულად გამოირჩა სემიონ ანტონოვი, რომელმაც თამაშიდან 13-დან 10 ტყორცნა გამოიყენა და 25:00 წუთში 27 ქულა მიითვალა.
საბერნეთის ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის მზადებას ათენში დაგეგმილი აკროპოლისის თასზე თამაშით დაასრულებს. 27-29 აგვისტოს დაგეგმილ ტრადიციულ ტურნირზე მასპინძელთა გარდა, ლიტვა, თურქეთი და C ჯგუფში ქართველ კალათბურთელთა კიდევ ერთი მეტოქე ჰოლანდია ითამაშებენ.
ამხანაგური მატჩი გამართა ევრობასკეტზე ქართველების კიდევ ერთმა მეტოქე მაკედონიამ. ექსიუგოსლავიელები ესპანეთში, ამ ქვეყნის უძლიერეს ნაკრებს შეხვდნენ და დიდი სხვაობითაც წააგეს – 63:94. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულ მატჩში მასპინძლებს უჩვეულოდ ბევრი – 16 დაკარგვა ჰქონდათ, გამარჯვება არ გასჭირვებიათ. სერხიო სკარიოლოს შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 52:26-ს იგებდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
ესპანელებმა შესაშური მიზანი გამოიჩინეს შორი სროლებისას. მასპინძლებმა 20-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს. სამქულიანების სროლაში განსაკუთრებით რუდი ფერნანდესი გამოირჩა (5-დან 4) გამოიჩინა, რომელიც 14 ქულით მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო. 10-ქულიან ზღვარს ერნანგომესმა (12), რეიესმა (10) და სან ემეტერიომაც (10) უწიეს, მიროტიჩს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 9 ქულა, 10 მოხსნა.
მაკედონიელთა რიგებში საუკეთესო ნატურალიზებული ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჰენდრიქსი იყო 12 ქულით, ტრაიკოვსკიმ 11 ქულა ჩააგდო, სამარძინსკიმ კი – 10.
ესპანეთი და მაკედონია კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს 25 აგვისტოს გამართავენ.