ბესიკ ლეჟავა ჩემპიონი “ენერჯი-ინვესტის” ერთ-ერთი ღირებული მოთამაშეა. მას აქვს ისეთი ბასრი სროლა, რომ ნებისმიერი მეტოქის გატეხვა შეუძლია. ლეჟავას თუ შორი სროლა წაუვიდა, მერე მისი დამკავებელი არავინაა.
– როგორ აეწყო შენი, როგორც კალათბურთელის კარიერა?– 8 წლის ვიყავი, როდესაც დედამ კალათბურთზე შემიყვანა. თავიდან “ტიტებში” გურამ მეგრელაძესთან ვიზრდებოდი. კალათბურთზე მისვლამდე 2 დღე ვიარე ფეხბურთზე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და ძალები კალათბურთში მოვსინჯე, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე, ნიჭიც აღმომაჩნდა და იმედებიც გავამართლე… შემდეგ ფრანგულ “დიჟონში” წავედი სათამაშოდ. იქ ერთი წელი დავყავი. არის მერეც ჩამოვედი საქართველოში და ორი წელი თსუ-ში ვითამაშე… წარმატებული სეზონი მქონდა, საფრანგეთში მიღებული გამოცდილებაც დამეხმარა და “ენერჯი ინვესტისგან” მოწვევა მივიღე… მას შემდეგ რუსთავულ გუნდში ვირიცხები.– რას გვეტყვი წლევანდელ სუპერლიგაზე, რამდენად დიდ კონკურენციას აწყდება “ენერჯი ინვესტი” მოწინააღმდეგე გუნდებისგან?– წლეულს სუპერლიგაში 9 გუნდი თამაშობს… შარშან გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ უფრო დიდი კონკურენცია იყო… ანუ გუნდების ზრდამ ვერ გაზარდა კონკურენტუნარიანობა და ამის უმთავრესი მიზეზი არათანაბარი დაფინანსებაა.. “ენერჯის” უპირველესი მეტოქე დღესდღეობით “თბილავიამშენია”, მაგრამ არც “ნტდ-თბილისია” იოლად დასამარცხებელი გუნდი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვთმობთ ლიდერობას.– შეადარე ქართული და უცხოური კალათბურთი…– ქართული კალათბურთის შედარება, მაგალითად ევროპულთან, ძალიან მტკივნეულია, რადგან სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ ევროპული დონისგან. კალათბურთი სანახაობრივი სპორტია და ჩვენ ვცდილობთ ლამაზი თამაში ვაჩვენოთ საზოგადაობეს. მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, მაინც აუცილებლობას წარმოადგენს ძლიერი სპონსორი. ამავდროულად უნდა ფინანსდებოდეს არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე გუნდი, რადგან იყოს უკეთესი პირობები სავარჯიშოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს საქართველოდან გასვლის, უცხოურ გუნდებთან შებრძოლების და მოგების ამბიცია. მხოლოდ ამით აიწევს საქართველოში ჩემპიონატის დონეც.– საქართველოდან წასვლის ამბიცია თუ გაქვს ?– საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განაპირობებს იმ ტენდენციას, რომ ძლიერი მოთამაშეები საქართველოდან მიდიან და სხვა ქვეყნებში აგრძელებენ კარიერას. მოგეხსენებათ, სპორტს თავის ასაკი აქვს და მინიმალურ დროში მაქსიმალურის გაკეთება უნდა მოასწრო. აქ კი მინიმალური ხელფასებია. სწორედ ამიტომ ტოვებენ კარგი მოთამაშეები ქართულ გუნდებს. ცოტა უკეთესი პირობები რომ იყოს, წასვლაზე არც ვიფიქრებდი, მაგრამ ძნელია საქართველოში სპორტით ცხოვრება. ამბიციური კი ნამდვილად ვარ. როცა მოედანზე ვდგავარ, ჩემი უმთავრესი მიზანი მოგებაა და ეს ხომ ლოგიკურია, ასეც უნდა იყოს.–საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან თუ გქონია მოწვევა?– მოწვევა ორჯერ მქონდა და სინჯებზეც ვიყავი. წლეულსაც ველოდები და მაქსიმალურად მოვემზადები ამისთვის. ვიმედოვნებ, რაც ორი წლის მანძილზე არ გამომივიდა, ახლა მაინც მოვახერხო. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავიღებ.– რას იტყვი სუპერლიგის ახალ საიტზე ?– ხშირად ვსტუმრობ და ძალიან მომწონს. სტატისტიკა რომ არსებობს, ეს შესანიშნავია. აუცილებელი იყო ამ საიტის შექმნა, რადგან მისი მეშვეობით იმ ადამიანსაც შეუძლია კონკრეტული მოთამაშის შედეგიანობის გაგება, ვინც აქტიურად არ ადევნებს თვალყურს მატჩებს.– ვინაა შენი აზრით ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე?– ჯორდანი ყველას კუმირია… ის კალათბურთის მეფედაა აღიარებული და არ შეიძლება არ მოგწონდეს, თუმცა დღესდღეისობით დუენ ვეიდის თამაში მხიბლავს.– რამდენად ხარ აქტიური დასვენების მოყვარული?– მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. არ ვწუხდები ხალხის ყურადღებით, იმით რომ მცნობენ. ეს ფაქტი უფრო მახარებს, ვიდრე პირიქით… ვფიქრობ, რომ ასაკთან ერთად გემოვნებაც იცვლება, თუნდაც დასვენების საკითხში.– როგორ ხედავ შენს უახლოეს მომავალს?– დიდი სურვილი მაქვს სეზონი წარმატებით დავასრულო და ეროვნულ ნაკრებში ჩავირიცხო. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. ანა მახარაშვილი