21 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა NCAA-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „ილინოისს“ მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ილინოისელებმა „სიტადელ ბულდოგსს“ უმასპინძლეს და მეტოქე 85:57 გაანადგურეს, ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე 24 წუთი გაატარა და 16 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილს სეზონში ყველაზე მეტი – 11 ქულა „ნიკოლსთან“ სასტარტო შეხვედრაში ჰქონდა ჩაგდებული. ბეჟანიშვილის საშუალო მონაგარი 10.4 ქულა და 5.8 მოხსნაა. ბოლო მატჩებია, ის ჩვეულ ფორმას იბრუნებს.
„ილინოისს“ 4 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, ისევ შინ, „ლინდენვუდ ლაიონსთან“ გამართავს.
STLtoday.com წერს, რომ ბეჟანიშვილი და კოფი კოკბერნი მოედანზეც და მის გარეთაც კარგად უგებენ ერთმანეთს. „კოფის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ვუთხარი, რომ ყოველ თამაშში 20 მოხსნა მაინც უნდა გააკეთოს. მას მეტი შეუძლია“, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა 20 წლის იამაიკელზე.
მწვრთნელი ბრედ ანდერვუდი ორივეს თამაშით კმაყოფილია, მაგრამ განსაკუთრებით ბეჟანიშვილი გამოარჩია: „ვფიქრობ, ეს გიორგის საუკეთესო თამაში იყო სეზონში. ის ბრწყინვალედ მოერგო თავის ახალ როლს გუნდში. ნახეთ მისი პასები? მისი შორეული სროლები? დღეს ის ბრწყინვალე იყო“.
„ბულდოგსის“ ბიჭებს შევაქებ, ისინი ბოლომდე არ ნებდებოდნენ, ჩემი პატივისცემა მათ“, – განაცხადა გიორგიმ.