ბითაძე ინდიანას 2 წუთით და 2 ქულით დაუბრუნდა

ბითაძე ინდიანას 2 წუთით და 2 ქულით დაუბრუნდა

G ლიგაში შესრულებული მეორე ორმაგი დუბლის შემდეგ, ინდიანა პეისერსში დაბრუნებული გოგა ბითაძე მაიამისთან შეხვედრაში 2 წუთი და 40 წამი ათამაშეს. 20 წლის ქართველმა ცენტრმა ამ მცირე დროში ორი საჯარიმოს სროლა მოასწრო და ორივე ზუსტი გახლდათ. გოგას 1 მოხსნაც ჰქონდა (დაცვაში) და მისი +/- კოეფიციენტი +7 გამოვიდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან მაიამისთან ბითაძის პეისერსი 108:122 დამარცხდა. ინდიანასთვის ეს 38 მატჩში მე-15 წაგებაა და გოგას გუნდი 23 მოგებით მე-6 ადგილზეა (ფილადელფიას 1 მოგებით ჩამორჩება). მე-9 ადგილზე მყოფ შარლოტს, რომელიც პლეი ოფის ზონასთან ყველაზე ახლოსაა, პეისერსი 8 მოგებით უსწრებს.

მაიამი ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. პეისერსმა ჰიტს პრობლემები ვერ შეუქმნა. იყო მომენტი, როცა მაიამი თამაშს 31-ქულიანი უპირატესობითაც კი იგებდა. ჰიტიდან ერთდროულად 7-მა მოთამაშემ შეძლო მინიმუმ 14 ქულის ჩაგდება, საუკეთესო კი ტაილერ ჰირო გახლდათ, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 19 ქულა დააგროვა. ინდიანადან ყველაზე პროდუქტიული დომანტას საბონისი გახლდათ – ლიეტუველმა 27 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და 6 ასისტიც ჰქონდა.

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს 11 იანვარს, სტუმრად, ჩიკაგოსთან გამართავს.