გოგა ბითაძის მორიგი გაბრწყინება და ფინალის საგზური ახალგაზრდულ ევროლიგაში. 17 წლის ქართველი ცენტრის სერბული გუნდი „მეგა ბიმაქსი“ ევროლიგის ფინალური მატჩის (ფენერბაჰჩე – ოლიმპიაკოსი) დღეს, 21 მაისს, “სინან ერდემის” დარბაზში ფრანგულ „პარიზს“ საჩემპიონო მატჩში შეხვდება. ბელგრადელებმა დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც მოიგეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალში გავიდნენ.
„მეგა ბიმაქსის“ მეტოქე მასპინძელი, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ გახლდათ, რომელსაც ბითაძის გუნდმა 77:74 სძლია. წინა მატჩის მსგავსად, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის ბითაძემ თავი არა მხოლოდ ფარქვეშ, არამედ პერიმეტრიდანაც გამოიჩინა. მან 4 ცდიდან 3 სამქულიანი ჩააგდო, რაც მისგან მოულოდნელი არაა, თუმცა ზოგადად ცენტრებისთვის იშვიათი შედეგია.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მიითვალა. გოგამ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. 22 ქულა დააგროვა ბითაძის თანაგუნდელმა, ევროპაში პერსპექტიულად ცნობილმა და სახელგავარდნილმა ნიკოლა მიშკოვიჩმა. 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი (6 დაკარგვაც) მიითვალა მიჰაილო იოვივიჩმა, რომელმაც მატჩს ბოლო წუთზე მასპინძელთა წელში გამტეხი სამქულიანი ჩააგდო.
მეორე ჯგუფში პირველი ადგილისთის მატჩში 2 დაუმარცხებელი გუნდი – მოსკოვის ცსკა და „პარიზი“ შეხვდნენ. ფრანგულმა გუნდმა 73:61 იმარჯვა და ფინალში გავიდა. „რეალი“, „ბარსელონა“, „ფენერბაჰჩე“, ცსკა, „ჟალგირისი“ და „ცრვენა ზვეზდა“ ჯგუფებში ჩარჩნენ და ფინალში მათზე ნაკლებად ცნობილი გუნდები – „მეგა ბიმაქსი“ და „პარიზი“ გავიდნენ.
ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალური მატჩი 21 მაისს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაუწყება, რის შემდეგაც „სინან ერდემის“ დარბაზში გაიმართება ევროლიგის მატჩი მესამე ადგილისთვის და ბოლოს, ფინალი.