ბითაძის 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება უშენგელიო “ბასკონიასთან” წაგებულ მატჩში

ბითაძის 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება უშენგელიო “ბასკონიასთან” წაგებულ მატჩში

ევროლიგაში ქართველი კალათბურთელების გუნდები შეხვდნენ. თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტს” უმასპინძლა, თუმცა ქართველები ერთმანეთს მოედანზე ვერ შეხვდნენ. შენგელია ფეხის ტრავმის გამო ფორმაში ისევ არაა. 

მატჩის მსვლელობისას ბასკონიელები ლიდერობდნენ, თუმცა “ბუდუჩნოსტი” ბოლო პერიოდამდე არ რჩებოდა და შანსს ინარჩუნებდა. თუმცა საბოლოოდ ძალამ თავისი გაიტანა და ესპანურმა კლუბმა დიდი ჰანდიკაპი მოიპოვა და შეხვედრაც სათავისოდ, 20-ქულიანი სხვაობით – 82:62 დაასრულა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 24:13 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს 7 ქულა ჰქონდა პირველ ნახევარში, მეორეში კი მონაგარს ვერ მოამატა, რადგან ბასკონიელი მეურვეები მეტად გამოცდილნი გამოდგნენ.

გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

6 მოგებითა და 20 მარცხით “ბუდუჩნოსტი” ისევ ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო “ბასკონია” 14 მოგებითა და 12 მარცხით – მეექვსე.

19 მარტს ბითაძის გუნდს სტამბულში ევროლიგის ლიდერ “ფენერბაჰჩესთან” რთული სეხვედრა ელით, ისევე როგორც 20 მარტს ბასკონიელებს ათენში – “პანათინაიკოსთან”.