საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი, 1999 წელს დაბადებული გოგა ბითაძე, რომელიც ერთი თვეა, თბილისის „ვითადან“ სერბულ „მეგა ლეკსში“ გადავიდა, ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშებს. ბითაძის გუნდი ფინალში „სტელა აძურა რომას“ დაუპირისპირდება, ვის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს.
მამუკელაშვილი ქართველია და ის საკალათბურთო „აკადმეიაში“ წლების მანძილზე თამაშობდა. მას ამერიკის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ამის გამო არ უთამაშია. 16 წლის მამუკელაშვილი უკვე მეორე წელია, იტალიაში, ზემოთხსენებულ გუნდში თამაშობს და საკმაოდ პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება. ბითაძემ და მამუკელაშვილმა იტალიის დედაქალაქში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროლიგის ტურნირში თავიც გამოიჩინეს და ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
გუნდები 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. მამუკელაშვილის გუნდი A ჯგუფში მოხვდა და რუსული ცსკა-ს (68:62), იტალიური “ვირტუს ბოლონიას” (67:62) და თურქული “ანადოლუ ეფესის” (72:54) ძლევის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მამუკელაშვილი სამივე მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. არმიელებთან შეხვედრაში ის მოედანზე 26:25 წუთი გამოჩნდა და 12 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
იტალიურ “ვირტუსთან” მატჩში სანდრო უკვე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 34:19 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი ზუსტად სტყორცნა და სამქულიანებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა. სანდრომ საუკეთესო მატჩი „ანადოლუ ეფესთან” ჩაატარა, რომელშიც 18 ქულის, 3 მოხსნის, 2 პასის და 3 ჩაჭრის მოსაგროვებლად 12:19 წუთი (!) ეყო. მამუკელაშვილმა 4-ვე ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
სანდრო მამუკელაშვილის (თეთრებში) შეტევა
ბითაძის ასპარეზობას რაც შეეხება“ „მეგა ლეკსი“ B ჯგუფში იტალიურ “არმანი ჯუნიორ მილანთან” და “უმანა რეიერ ვენეციასთან” და ესპანურ “უნიკახა მალაგასთან” მოხვდა. პირველ მატჩში “მეგა ლეკსი” მილანელებს გაეჯიბრა და 74:80 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 13:50 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
გოგა გაცილებით შედეგიანი იყო მე-2 მატჩში, რომელშიც სერბულმა კლუბმა “უმანა რეიერ ვენეციას” 77:67 სძლია. ბითაძემ 16:42 წუთში 19 ქულა და 6 მოხსნა (4 შეტევაში) მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (17) მიხედვით, მხოლოდ თანაგუნდელ მარკო პეკარსკის (11 ქულა, 13 მოხსნა) ჩამორჩა. გოგამ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაუფარეს.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში “მეგა ლეკსმა” “უნიკახა” 87:44 გაანადგურა, არადა, მალაგელებს მანამდე ორივე მატჩი მოგებული ჰქონდათ. ბითაძე ამჯერად უკვე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:54 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 2 მოგებითა და 1 მარცხით ბელგრადელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალში იტალიურ „რომას შეუწყვილდნენ.
ფინალური დაპირისპირება 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზეა დანიშნული.