“ბკ კიევს” მარკოიშვილის 21 ქულა არ ეყო

მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმა“ უკრაინის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა. უფრო სწორად, კიეველები რამდენიმე ტურია, თავიანთი მთავარი კონკურენტის, მარიუპოლის „აზოვმაშის“ გვერდიგვერდ იყვნენ, თუმც ბოლო ტურში დამარცხდნენ და მეორე ადგილზე ჩაინაცვლეს.
ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ლეგიონერების წასვლის შემდეგ კიეველები ინერციით მიდიოდნენ წინ: იმ გუნდებს, რომლებსაც პირველ წრეში უპრობლემოდ უგებდნენ, ახლა ძლივძლივობით ამარცხებდნენ და ცხადი იყო, პირველსავე მძლავრ მეტოქესთან დაუცდებოდათ ფეხი. ასეთი მეტოქე „დონეცკი“ აღმოჩნდა, რომელმაც მეშახტეთა ქალაქში 75:68 დაამარცხა დედაქალაქელები.
კიეველებს ვერ უშველათ ვერ მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც გუნდის გაუსაჩივრებელი ლიდერია და დონეცკელებთან მატჩშიც საუკეთესო იყო თავისიანთაგან. მანუჩარმა 39 წუთზე ოდნავ მეტი, ანუ თითქმის შეუცვლელად ითამაშა და 21 ქულას, 3 მოხსნას, 5 პასს და 1 დაფარებას მოუყარა თავი. „მანუმ“ ჩააგრო 11–დან 7 ორქულიანი, 4–დან 1 სამიანი და 5–დან 4 საჯარიმო.
„ბკ კიევს“ ლიდერ „აზოვმაშზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 3 ქულით ჩამორჩება. მომმომდევნო მატჩს კიეველები ზეგ გამართავენ შინ „ხიმიკთან“, ხოლო 4 აპრილს ლიდერ „აზოვმაშს“ მარიუპოლში გაეჯიბრებიან და სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული.
 

მარნუჩარ მარკოიშვილმა დონეცკელებს 21 ქულა ჩაუგდო