ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 69:71 წააგო ზაგრების „ციბონასთან“ და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩემპიონიც ბოლო წამებზე გამოვლინდა. თუმცა მანამდე ბოისას გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომელიც თვალს და ხელს შუა გაანიავა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები 41:25 იგებდნენ, თუმცა შემდეგ „ციბონას“ დრო დადგა და სტუმრებმა მესამე მეოთხედის ბოლომდე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – 48:48.
ბოლო მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ბოლო წამებზე სტუმრებმა იძალეს. ციბონელმა ნიკოლა პრკაჩინმა შეხვედრაში სულ სამი ქულა მიითვალა, თუმცა მათგან ორი ბოლო წამზე ჩააგდო და სტუმრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ბოისამ “ზადარის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და გუნდს 30 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი გააცუდა, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი ორჯერ დაკარგა, მეტოქეები კი მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ზადარელთა რიგებში ვოვას მხოლოდ ტოდორ გეჩევსკიმ აჯობა, რომელმაც 13 ქულა მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 24 ქულით ციბონელი ალან ანდერსონი გახდა.
ვლადიმერ ბოისა(#44)