ხორვატიის ჩემპიონატი
ვლადიმერ ბოისას „ზადარი“ ხორვატიის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა. ზადარელებმა სრუმრად „დარდა“ 94:76 დაამარცხეს და რაკი მანამდე დაუმარცხებელმა „ციბონამ“ „ცედევიტასთან“ წააგო, ბოისას გუნდი ცხრილის სათავეში აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბოისამ სამიდან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო სროლიდან 1 მოათავსა მეტოქის კალათში.
მომდევნო ტურში, რომელიც 7 აპრილს გაიმართება, „ზადარი“ „ზაგრებს“ უმასპინძლებს.
იტალიის სერია A
გასულ ტურში ვიქტორ სანიკიძემ ჩინებულად ითამაშა. მისმა „კანადიან სოლარმა“ „ფერერა“ 68:63 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 15 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
ვიქტორ სანიკიძემ 5–დან ყველა ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამქულიანი კი ააცილა.
გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმაც“, რომელმაც „კასერტას“ 81:72 აჯობა, თუმცა ქართველ ლეგიონერს ტრავმის გამო არ უთამაშია. ეს უკვე მეორე მატჩია, რაც მარკოიშვილი მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. მას მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, მოედანს, მალე დაუბრუნდება.
„კანადიან სოლარმა“ ისარგებლა „სიგმას“ წაგებით და მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „კანტუ“ სანიკიძის გუნდს 2 ქულით ჩამორჩება და ცხრილში მე–5 ადგილს იკავებს.