ბოისას “ზადარმა” ჩემპიონობის მეორე შანსიც გაანიავა

ვლადიმერ ბოისა ხორვატიის ჩემპიონობის ზღვარზე იყო, ახლა კი უფრო მეტი შანსია, რომ მან ეს ტიტული ვერ მოიპოვოს. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდი „ზადარი“ ფინალურ სერიას 2:0 უგებდა ზაგრებულ „ციბონას“, თუმცა ზედიზედ 2 მატჩი წააგო და მოედნის უპირატესობაც დაკარგა. ჩემპიონი მეხუთე, გადამწყვეტმა მატჩმა უნდა გამოავლინოს, რომელიც „ციბონას“ მოედანზე, 10 ივნისს გაიმართება.
ბოისასთვის განსაკუთრებით დასანანი გამოდგა წუხანდელი მატჩი. მისი გუნდი შინ თამაშობდა და გამარჯვების შემთხვევაში პირველობას ინაღდებდა, თუმცა სტუმრებმა ძალიან მოინდომეს და 78:71 გაიმარჯვეს. ბოისამ კი ამ მატჩში მხოლოდ 8 წუთი ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედანი მალევე დატოვა და ფიცარნაგზე აღარ გამოჩენილა. სავარაუდოდ მან ტრავმა მიიღო, რადგანაც აქამდე ბოისა ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იყო ზადარელთა გუნდში და ამჯერად მხოლოდ 8 წუთით გამოჩნდა მოედანზე.
ამ მოკლე დროში ბოისამ 1 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მან 4 საჯარიმო მცდელობიდან მხოლოდ 1 მოათავსა ზაგრებელთა კალათში. რაც შეეხება მატჩშ, ის ძირითადად თანაბრად, საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო წუთებზე, ქართველ ქომაგთათვის სამწუხაროდ, „ციბონას“ სასარგებლოდ გადაწყდა.
ახლა ყველაფერს ზაგრებში გასამართი შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც 10 ივნისს გაიმართება.
 

ბოისას ძირითადად სკამზე უწევდა ჯდომა