ორბმა თსუ თბილისში დაამაცრცხა | ქუთაისის მოგება რაშთან

ორბმა თსუ თბილისში დაამაცრცხა | ქუთაისის მოგება რაშთან

სუპერლიგაში მოულოდნელი შედეგების დაფიქსირება გრძელდება. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თსუ ბოლო ადგილზე მყოფ ტყიბულის “ორბთან” დამარცხდა – 90:101 (სტატისტიკა). შესაძლოა, ეს არც იყოს მოულოდნელი, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდსთვის ეს ზედიზედ მე-5 მარცხია. საოცარია: ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა სუპერლიგა 8 მოგებით დაიწყეს, რასაც ზედიზედ 5 მარცხი მოაყოლეს. 

ერთი ეგაა, რომ თსუ-მ სუპერლიგის პირველ და მეორე წრეებს შორის, როცა მოგება-წაგებათა ბალანსი 8-2 ჰქონდა, საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი მოიგო და ამიტომ გუნდში ჯერ კიდევ სიმშვიდეა – განგაშის ზარი არ ჩამოუკრავთ. ისე, ამ ბოლო წაგებებში ტრავმების ხელიც ურევია. ვერც ერთ თამაშზე უნივერსიტეტელებმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბეს. მაგალითად, დღევანდელ მატჩში თსუ-ს 1 თვის წინ დამატებული ამერიკელი ლეგიონერი, კევინ ისლი აკლდა.

აღნიშნული მატჩი ტყიბულში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო ამ ქალაქის დარბაზი გათბობის გარეშე დარჩა და შეხვედრა თბილისში გამოვიდა. მიუხედავად საშინაო კედლების მხარდაჭერის არქონისა, ორბს თამაშის მოგება არ გასჭირვებია. ტყიბულის გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია – ბოლო ადგილზე იმყოფება და უახლოეს გუნდს ამ მატჩამდე 3 მოგებით ჩამორჩებოდა. ეს ძალიან დიდი სხვაობაა, რომლის აღმოფხვრაც რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 8 მატჩში ურთულესი იქნებოდა.

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულელებმა მოინდომეს, ბოლომდე იბრძოლეს და ჰაერივით საჭირო მოგება გაიფორმეს. მატჩი ისე წარიმართა, რომ დაძაბულობა არ იგრძნობოდა. ორბი თავიდანვე რომ დაწინაურდა, ბოლომდე წინ გახლდათ. ერთადერთხელ, ბლო პერიოდში ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა და ვითარება თითქოს დაიძაბა, მაგრამ ორბის მოთამაშეებმა საჭირო ბურთები ჩააგდეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

თსუ-ს წაგებით ისარგებლა “ქუთაისმა”, რომელმაც “რაშს” უმასპინძლა და გამარჯვების მოპოვებით თსუ-ს გადაასწრო. ქუთაისლებს 1-ით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული და ცხრილშიც უკანაა, თუმცა ყველაზე სამართლიანი ცხრილი დაკარგული ქულების დაიანგარიშებაა და ამ მხრივ ქუთაისი (ვსა-სთან ერთად) თსუ-ს უსწრებს. 

ქუთაისელებმა რაშს ხელი მესამე პერიოდის ბოლოს მოუთავეს, როცა 21 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში მასპინძლებმა თავი აღარ შეიწუხეს და საბოლოოდ 10-ქულიან გამარჯვებას დასჯერდნენ – 84:74 (სტატისტიკა)

სუპერლიგის მომდევნო, მე-15 ტური 7, 8 და 9 მარტს გაიმართება.