თურქეთის სუპერლიგაში ბოლოსწინა ტური გაიმართა. ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჯლერმა“ ლიდერ „ეფესს“ უმასპინძლა“ და უშანსოდ – 66:89 დამარცხდა, მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ კი „ტრაბზონსფორს“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 76:71.
მიუხედავად იმისა, რომ 1 ტურია დარჩენილი, სანიკიძის გუნდი სუპერლიგიდან აღარ გავარდება. მართალია, ანკარელებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ წააგო მათმა კონკურენტმა „ტურკ ტელეკომმა“, რომელიც სტამბოლში ბოლომდე ებრძოლა „გალათასარაის“ და უხვქულიან მატჩში 134:139 დამარცხდა.
სანიკიძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 30:36 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულინი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
რაც შეეხება მარკოიშვილის გუნდს, „დარუშაფაკამ“ 5 ქულით კი იმარჯვა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო საიმისოდ, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლა განეგრძო. ამ ადგილს დარუშაფაკელებს „გალათასარაი“ ეცილება, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მარკოიშვილის გუნდს 1 ქულით ჩამორჩება.
ტრაბზონელებთან მატჩში ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 23:23 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარკოიშვილმა 3-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
თურქული სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში „დარუშაფაკა“ „ეფესს“ სტუმრად შეხვდება, ხოლო სანიკიძის „თედ კოლეჯლერი“ „გაზიანთეფს“ ესტუმრება.