ბოჟიდარ მალკოვიჩი: გამარჯვებებმა ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს

ბოჟიდარ მალკოვიჩი: გამარჯვებებმა ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს

სლოვენიის ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩები გამართა – ამჯერად, საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე, რომელიც იმ დარბაზში გაიმართა, სადაც სლოვენია საქართველოსთან, ხორვატიასთან, ესპანეთთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.
ქალაქ ცელიეს არენა ”ზლატოგორში” ჩატარებულ ტურნირში მასპინძლებთან ერთად მონაწილეობა თურქეთმა , სერბეთმა და ლატვიამ მიიღეს. სლოვენიელებმა სამივე მეტოქეს სძლიეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს,  ბოჟიდარ მალკოვიჩის გუნდს ყველაზე მეტად ლატვიასთან გაუჭირდა, რომელსაც ტურნირის სადებიუტო მატჩში 71:67 ძლივს მოუგო.

ლატვიელებმა შემდეგ თურქეთიც დაამარცხეს და საერთოდ, ტურნირზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხებათ ჩვენთვის საინტერესო სლოვენიელებს, მეორე მატჩში მასპინძლებმა სერბეთი 67:52 დაამარცხეს. ამ მატჩს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, რომლებიც მომავალი მეტოქის დასაზვერად ცელიეში პოდჩეტრტეკიდან ჩავიდნენ.
მესამე და გადამწყვეტ მატჩში სლოვენიელებმა თურქეთს საკმაოდ იოლად – 72:53 მოუგეს. პირველი ტაიმის შემდეგ თურქები 33:30 ლიდერობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა სტუმრებს 42:20 სძლიეს და შეხვედრაშიც დიდი სხვაობით იმარჯვეს.
სლოვენიელთა შემადგენლობაში ისევ არ ითამაშა იაკა ლაკოვიჩმა, რომელიც ტრავმირებულია. ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედ სლოვენიელი იურე ბლაჟიჩი დაასახელეს, ხოლო სლავთა ლიდერმა გორან დრაგიჩმა მთლიანობაში დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. თურქებთან მატჩში დრაგიჩი სულაც მოედნიდან გააგდეს. მე-4 წუთზე მას და თურქ დოგუშ ბალბაის კამათი მოუვიდათ და მოედანზე სათადარიგოებიც შეცვივდნენ. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, თუმცა ინციდენტი თავიდან იქნა აცილებული. მსაჯებმა ორივე მოჩხუბარი მოედნიდან გააძევეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ სლოვენიელთა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ტურნირზე მოპოვებული 3 გამარჯვებით არ უნდა აღვფრთოვანდეთ, რადგან ძალთა ბალანსი არარეალური იყო. თურქეთი და სერბეთი ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა, გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან. ალბათ მხოლოდ ლატვიამ გამოაჩინა თავისი რეალური შესაძლებლობები. მომავალი კვირის ბოლოს ბელგრადში გასამართი ტურნირის შემდეგ უფრო რეალურ სურათს მივიღებთ. ჩვენი მოთამაშეები ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ჯერ მოსამზადებელი ეტაპის ნახევარიც კი არ გაგვივლია და მოსამატებელი კიდევ ბევრი გვაქვს. რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც თურქეთთან მატჩში მოხდა, ძალიან ვწუხვარ, თუმც მოედანზე ასეთებიც ხდება ხოლმე. ორივე მოთამაშე მალევე დამშვიდდა და სიტუაციაც განიმუხტა“.
10-11 აგვისტოს სლოვენია ბელგრადის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას სერბეთის, უკრაინისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად.
სლოვენია – ლატვია 71:67 (21:13, 16:15, 18:19, 16:20)
სლოვენია: ბლაჟიჩი (20 წ. 1 ქ. 4 მ.), გ.დრაგიჩი (29 წ. 11 ქ. 5 მ. 4 პ.), დ.ლორბეკი (25 წ. 10 ქ. 5 მ.), ბეგიჩი (23 წ. 9 ქ. 7 მ.), ბალაჟიჩი (15 წ. 8 ქ.); სლოკარი (13 წ. 4 ქ. 3 მ.), ლაპორნიკი (10 წ. 5 ქ.), იოკსიმოვიჩი (11 წ. 5 პ.), ნახბარი (16 წ. 14 ქ. 3 მ.), ვიდმარი (13 წ. 6 ქ. 3 მ.), პრეპელიჩი (17 წ. 3 ქ.). ზ.დრაგიჩი (8 წ.).
სლოვენია – სერბეთი 67:52 (16:15, 17:16, 16:12, 18:9)
სლოვენია: ნახბარი (22 წ. 5 ქ. 3 მ.), გ.დრაგიჩი (19 წ. 12 ქ. 3 პ.), დ.ლორბეკი (20 წ. 4 ქ. 4 მ.), ვიდმარი (18 წ. 7 ქ. 5 მ.), ზ.დრაგიჩი (20 წ. 8 ქ. 3 მ.); სლოკარი (22 წ. 4 ქ. 4 პ.), ლაპორნიკი (5 წ.), იოკსიმოვიჩი (12 წ. 8 ქ.), მურიჩი (21 წ. 4 ქ. 4 მ.), პრეპელიჩი (21 წ. 4 ქ.), ბალაჟიჩი (19 წ. 11 ქ. 3 პ.).
სლოვენია – თურქეთი 72:53 (13:18, 17:15, 28:10, 14:10)
სლოვენია: ბლაჟიჩი (14 წ. 5 ქ. 3 მ.), ნახბარი (16 წ. 7 ქ. 7 მ.), გ.დრაგიჩი (3 წ.), ბეგიჩი (12 წ. 4 ქ.), ზ.დრაგიჩი (28 წ. 11 ქ. 4 პ.); ლაპორნიკი (18 წ. 2 ქ.), იოკსიმოვიჩი (21 წ. 4 ქ. 3 პ.), მურიჩი (18 წ. 5 ქ. 5 მ. 3 პ.), ვიდმარი (24 წ. 16 ქ. 10 მ.), მორინა (9 წ. 6 ქ. 3 მ.), პრეპელიჩი (18 წ. 6 პ.), ბალაჟიჩი (20 წ. 12 ქ. 3 პ.).