ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ პლეი ოფის მესამე მატჩი მეტოქე „ბრეგანს“ სტუმრად მოუგო და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ლაკორუნიელებმა შეხვედრა დიდ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 76:75 მოიგეს, რაშიც ქართველ ფორვარდს დიდი წვლილი მიუძღვის.
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში 2-9 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში დაწყვილდნენ და უმაღლესი მეორე საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო პირველი რეგულარული ჩემპიონატის მომგებ „პალენსიას“ ერგო.
მე-5 ადგილზე გასულ „ბასკეტ კორუნას“ მოედნის უპირატესობა ჰქონდა მეექვსეადგილოსან „ბრეგანთან“, თუმცა პლეი ოფის საწყისი, შინ გამართული 2 მატჩიდან 1 დათმო, თუმცა დღეს სტუმრად მოგებული მატჩით სერიაში 2:1 დაწინაურდა და ნახევარფინალში გასვლამდე 1 მოგება აშორებს.
ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძეზე უკეთესი შედეგი ლაკორუნიელთაგან მხოლოდ სერხიო ოლმოსს ჰქონდა, რომელმაც 33 წუთში 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
სერიის მომდევნო მატჩი 1 მაისს ისევ ბრეგანში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ბურჯანაძის გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც პლეი ოფის პირველ წრეში „ოურენშეს“ 3:0 მომგებ „მელილას“ შეხვდება. თუკი „ბრეგანი“ იმარჯვებს, სერიის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი 3 მაისს, ლა კორუნიაში ჩატარდება.