ჩავარდნის შემდეგ თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა“ მოგებებს უხშირა, ფაჩულიას „ატლანტამ“ კი პირიქით: წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. დღეს, გამთენიისას, „ბრუკლინმა“ „ფილადელფიას“ მოუგო, ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ კი მინესოტაში დამარცხდა.
მთავარი მწვრთნელის აივერი ჯონსონი გაშვების შემდეგ, ასისტენტი პიჯეი კარლისიმო “ბრუკლინს” კარგად უძღვება. “ნეთსმა” ზედიზედ მეოთხე, ბოლო 6 მატჩში კი მე-5 შეხვედრა მოიგო. ამჯერად ნიუიორკელთა მსხვერპლი საკმაოდ ყოჩაღი „ფილადელფია“ გახდა, რომელიც დერონ უილიამსის წინამძღოლობით ბრუკლინელებმა 109:89 გაანადგურეს.
შენგელიამ ისევ ბოლო პერიოდში ითამაშა. მან მატჩის უკანასკნელ 5 წუთში 2 ქულას, 1 მოხსნას და 1პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 2-დან ორივე საჯარიმო მიითვალა, ხოლო თითო სამქულიანი და ორიანი ააცილა. 14 წუთი ათამაშეს მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც ამჯერადაც 2 სამიანი ჩააგდო და თამაში 8 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.
12 წაგების მქონე „ბრუკლინისთვის“ ეს მე-20 მოგება გახლდათ, რითაც კარლისიმოს გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა. აგებს და მაინც მესამეზეა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“. ის ჰანდიკაპი, რომელიც ფაჩულიას გუნდმა დააგროვა, საშუალებას აძლევს ატლანტელებს, ზედიზედ მესამე წაგების მერეც არ დაკარგონ მესამე პოზიცია.
„ჰოუქსმა“ ამჯერად „მინესოტაში“ წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედი ატლანტელებმა 9 ქულით მოიგეს, დამარცხებას მაინც ვერ ასცდნენ. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს, დარჩენილ დროში კი უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 108:103 იმარჯვეს.
ფაჩულია, რომელიც სათადარიგო იყო, 23,31 წუთი ითამაშა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ატლანტელებს ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „ქორებმა“ ვერ შეაჩერეს მინესოტელთა ჩერნოგორიელი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი, რომელმაც შეხვედრა 25 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა.
„ატლანტა“ 9 იანვარს სტუმრად „კლივლენდს“ შეხვდება, „ბრუკლინი“ კი 11-ში „ფინიქსს“ უმასპინძლებს.