ბულგარეთი საბერძნეთში გაანადგურეს და სპარინგ-მატჩი მოპარეს

ბულგარეთი საბერძნეთში გაანადგურეს და სპარინგ-მატჩი მოპარეს

ევროჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი ათენში მიმდინარე ტურნირის მორიგ მატჩში მასპინძლებთან შერცხვა. საბერძნეთის ნაკრებმა სლავი სტუმრები არ დაინდო და 34 ქულის სხვაობით – 101:67 გაანადგურა. ბულგარელთათვის მეორე ცუდი ინფორმაცია ის არის, რომ ტურნირის მეოთხე მონაწილე, ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) გუნდი „გრეჰემ იანგი“, რომელსაც სლავები ტურნირის დასკვნით ტურში უნდა შეხვედროდნენ, ათენიდან აიბარგა. რაში არგიათ, თუმცა ბულგარელებს ამ მატჩში 20:0 (ტექნიკური) მოგება ჩაეთვალათ.
 

 
ბერძნებმა პირველი მეოთხედი 31:13 მოიგეს, ხოლო მეორე 25:19 და დიდ შესვენებაზე უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. ბულგარეთმა ერთადერთი, მესამე მეოთხედი ითამაშა კარგად (24:18 მოიგო), ხოლო ბოლო ათწუთეულში კვლავ არაფერი გამოუვიდა.
 
ბულგარელთა შორის ერთბაშად 4 კალათბურთელი ასცდა ათქულიან ზღვარს. ნიკოლაი ვარბანოვმა და ერლ როულანდმა 11–11 ქულა დააგროვეს, ფილიპ ვიდენოვმა – 12, ხოლო  დეიან ივანოვმა –14.
 
„აკროპოლისის“ საერთაშორისო ტურნირი. ათენი. 24 აგვისტო
საბერძნეთი 101:67 ბულგარეთი
31:13 25:19 18:25 27:11