ბულგარეთი–საქართველოს მატჩისშემდგომი კომენტარები

ბულგარეთი–საქართველოს მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოსგან ბულგარეთის ძლევის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელ–მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს:
 
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„ჩვენ აქ ჩამოვედით მოსაგებად, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით წარმატებაში. ამიტომაც მე ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. ბულგარეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვიცოდით, რომ ძალიან, ძალიან რთული ბრძოლა გველოდა. ჩვენი პატივისცემა ბულგარელებს, მათ მართლაც ბოლომდე, ღირსეულად გვებრძოლეს. ჩვენი წარმატება ტაქტიკურად გამართულ თამაშშია. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენს ნაკრებში თბილი, გუნდური ატმოსფეროა და ბრძოლის ჟინიც ძალიან გაძლიერებულია. ჩვენ შანსი გამოვიყენეთ გადამწყვეტ, ბოლო მომენტში, როცა ბულგარელებმა რამდენჯერმე დაკარგეს ბურთი და ფარზე წაიფორხილეს. საქართველოს ნაკრებს მართლა არ ანაღვლებს ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა, თუმცა ეს ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენ ჯგუფიდან გასვლა არ გვინდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ცხრილს არ ვუყურებთ და წარმატებისჯენ ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ მივდივართ. ახლა ჩვენი მთავარი სამიზნე პოლონეთში თამაშია და მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ჯგუფში ჯერ არაფერია გარკვეული. ბულგარეთს წარმატებას ვუსურვებ“.
 
ზაზა ფაჩულია:
„როგორც ჩემმა მწვრთნელმა განაცხადა, ჩვენ განსაკუთრებულად გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით. ვიცოდი, რომ ურთულესი ბრძოლა გველოდა და ამის საფუძველს ბულგარეთში ჩატარებული წინა 2 მატჩი მაძლევდა. ერთხელ მე ვითამაშე ოფიციალური მატჩი 9 წლის წინ, ერთხელაც ამხანაგური შეხვედრა დაახლოებით 3–4 წლის წინ. მე ვუთხარი ჩემს გუნდელებს, რომ იოლად არაფერი მოვიდოდა. ჩვენი ნაკრები კარგად მომზადებულია და ბულგარეთის ნაკრებზეც ამ მატჩამდე საკმაო დაკვირვება მოვახდინეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა. კალათბურთელები მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვესრულებინა ის დავალებები, რასაც მწვრთნელები, გუნდის ხელმძღვანელები გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, მატჩის განმავლობაში გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვიყოჩაღეთ“.
 
როსენ ბარჩევსკი (ბულგარეთის მთავარი მწვრთნელი):
„ეს მართლაც ძალიან ცუდი შედეგია ჩვენთვის. საშინაო გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რათა ჯგუფიდან გასვლისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით. ჩვენი დაცვა ისევ არ აღმოჩნდა იმ დონეზე, როგორც მოსამზადებელ პერიოდში იყო. ჩვენ ფაქტობრივად შევაჩერეთ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 21 ქულას აგდებს, ჩვენთან კი მხოლოდ 12 დააგროვა. ჩვენ შევაჩერეთ ქართველთა მოძალება სამწამიანში, მაგრამ პრობლემები სამქულიანის ხაზიდან მოვიდა. ქართველები ამ თამაშამდე სამქულიანებს მხოლოდ 27%–იანი სიზუსტით ესროდნენ, დღეს კი მათ 9 სამქულიანი 45%–იანი სიზუსტით ჩააგდეს. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. არ მინდა საკუთარი გუნდის გამართლება, მაგრამ ტრავმებმაც ითამაშეს გარკვეული როლი – ფილიპ ვიდენოვი და ტყუპი ძმები დეიან და კალოიან ივანოვები მწყობრში ვერ იყვნენ და გუნდის რიტმში ბოლომდე ვერ ჩაჯდნენ. ჩვენ მეტს ველოდით ნატურალიზებულ ერლ კალოუეისგან, მაგრამ ვერ დავადანაშაულებთ მას, რადგანაც გადაღლილი იყო. ჩვენ გვჭირდება მოედანზე მყოფი ყველა კალათბურთელის აქტიურობა და არა ის, რომ 1–2 მოთამაშე აგროვებდეს მხოლოდ ქულებს. მიუხედავად მარცხისა, ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და სულაც არ მივიჩნევ შეუძლებლად პოლონეთსა და საქართველოში გამარჯვებებს.
 
ჩავდარ კოსტოვი (ბულგარელი კალათბურთელი):
„ჩვენ კარგად გვქონდა საქართველოს ნაკრების თამაში გაშიფრული. მწვრთნელებმა ამ მხრივ დიდი სამუშაო გასწიეს. ბულგარეთის ნაკრები რამდენჯერმე დაწინაურდა, მაგრამ ბავშვური დაკარგვებისა და ცუდი დაცვის გამო ლიდერობის შენარჩუნება და განმტკიცება ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ არც კარგად ვითამაშეთ. ბოლოში იღბალი გვინდოდა, მაგრამ ბედმა ზურგი გვაქცია“.