ბულგარეთმა ახალი ამერიკელი რუმინეთთან ორჯერ გამოსცადა

ბულგარეთმა ახალი ამერიკელი რუმინეთთან ორჯერ გამოსცადა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მეტოქე შეკრებაზეა, თუმცა ამხანაგური მატჩებს ჯერჯერობით მხოლოდ ბულგარეთი მართავს, დანარჩენები კი ფიზიკურად, ტაქტიკურად ემზადებიან.
ბულგარეთმა 2 და 3 ივლისს რუმინეთთან შინ 2 ამხანაგური მატჩი გამართა და ორივეში იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ რუმინეთს საქართველოც უნდა გაეჯიბროს ამხანაგურად – რუმინელები საქართველოს დედაქალაქში თბილისის მერიის თასზე სათამაშოდ ჩამოდიან და ქართველებს 23 ივლისს დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა ახალ ამერიკელს მისცეს მოქალაქეობა – ერლ კალუეიმ რუმინელების წინააღმდეგ ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. პირველ შეხვედრაში მან 12 ქულა და 6 პასი მიითვალა, ხოლო მეორეში – 17 ქულა და 6 პასი.
კალუეიმ გასული სეზონი ესპანურ „კახასოლში“, საქართველოს ნაკრების ყოფილ ნატურალიზებულ კალათბურთელთან ერთად გაატარა, სადაც ის გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა (ელისი მსროლელის პოზიციაზე იყო) და მატჩში საშუალოდ 9,5 ქულასა და 4,1 პასს ითვლიდა.
ბულგარელებს კიდევ სამი ამერიკელი ჰყავთ ნატურალიზებული, თუმცა მათ უკვე გამოაცხადეს, რომ იბრაჰიმ ჯააბერი და ერლ როულანდსი ვეღარ დაეხმარებიან. დარჩა კიდევ ერთი ამერიკელი – ჯარედ ჰოუმენი, რომელმაც რუმინელების წინააღმდეგ ერთი მატჩი ითამაშა და თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მატჩებში განაცხადში მხოლოდ 1 ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანაა ნებადართული, ხოლო ამხანაგურებში ლიმიტი არ არსებობს. ამიტომაც შეძლო ბულგარეთის ორივე ამერიკელმა თამაში.
ამ ორიდან საბოლოო არჩევანი სავარაუდოდ კალუეიზე გაკეთდება, რადგან იგი გამთამაშებელია, ეს პოზიცია კი როგორც უმეტეს ევროპულ ნაკრებში, ბულგარეთშიც მოსუსტებულია.
 
სოფია, 2 ივლისი
ბულგარეთი 89:73 რუმინეთი
20:13 25:20 28:16 16:24
ბულგარეთი: კალუეი (12ქ, 6პ, 4ჩ, 4მ), კ. ივანოვი (8ქ, 6მ, 6პ), ვრბანოვი (10ქ, 8მ), ნიკოლოვი (8ქ), კოსტოვი (17ქ); დოიჩინოვი (6ქ), ლილოვი (10ქ), მარინოვი (5ქ), გეორგიევი (2ქ), რადევი (4ქ), ველიკოვი (7ქ)
 
სოფია, 3 ივლისი
ბულგარეთი 96:73 რუმინეთი
21:22 23:18 31:18 21:15
ბულგარეთი: დ. ივანოვი (17ქ, 4მ), კ. ივანოვი (11ქ), ველიკოვი (7ქ), ვიდენოვი (12ქ, 5მ), ჰოუმენი (5ქ, 5მ); კალუეი (17ქ, 6პ, 4ჩ), ვრბანოვი (7ქ), ნიკოლოვი (8ქ), კოსტოვი (17ქ),  დოიჩინოვი (6ქ), ლილოვი (3ქ), მარინოვი (14ქ), ზ. გეორგიევი (3ქ), ს. გეორგიევი, რადნევი
 

ერლ კალუეი  (“ციბონაში” თამაშისას) მოსკოვის ცსკა–ს წინააღმდეგ