წარმატებით დაიწყო ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფი ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“. ლაკორუნიულმა გუნდმა რეგულარულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა და მოხვდა პლეი ოფში, სადაც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის.
ლაკორუნიული გუნდის პირველი მეტოქე „ბრეგანი“ გახლავთ, რომელთანაც სერია 3 გამარჯვებამდეა. პირველი შეხვედრა „ლეიმა ბასკეტ კორუნას“ მოედანზე გაიმართა და ამ გუნდის გამარჯვებით – 90:86 დასრულდა.
ქართველი ფორვარდი გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძესთან ერთად გამარჯვებულთაგან სერხიო ოლმოსი გამოირჩა, რომელმაც 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
სერიის მეორე შეხვედრა კვლავ ლა კორუნიაში, 24 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც სერია ბრეგანში გადაინაცვლებს. ნახევარფინალში გავა ის გუნდი, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.