ბურჯანაძის 12 ქულა და ოვერტაიმში დამარცხებული მაკფადენის ბურგოსი

ბურჯანაძის 12 ქულა და ოვერტაიმში დამარცხებული მაკფადენის ბურგოსი

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელმაც ესპანეთის განახლებული ჩემპიონატის ფინალური ფაზა მარცხით დაიწყო, ნახევარფინალში გასვლის რეალურ კანდიდატად იქცა. კუნულელებმა მარცხიანი დებიუტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და დარჩნილ 2 ტურში, ჯგუფიდან გამსვლელ ორეულში მოსახვედრად შესაძლოა 1 გამარჯვებაც ეყოთ.

გრან კანარიას მეტოქე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გუნდი “ბურგოსი” იყო. ბურგოსელებიც ნახევარფინალში გასვლის კანდიდატები არიან. გასულ ტურებში მათ მადრიდის “რეალი” და “სარაგოსა” დაამარცხეს, თუმცა ბექა ბურჯანაძის გრან კანარიასთან დღევანდელ მატჩში ოვერტაიმიანი, დაძაბული მატჩი დათმეს – 91:87.

მწვრთნელმა ფოტის კაცაკარისმა ყველაზე მეტხანს ბექა ბურჯანაძე ათამაშა – 45 წუთიან მატჩში ქართველი მხოლოდ 8 წუთი დაასვენა. ამის მიზეზი გასაგებია: ბექა გუნდისთვის საკმარისზე მეტად სასარგებლო კალათბურთელია. მან მატჩი 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ბექას წინააღმდეგ ითამაშა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თად მაკფადენმა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 30 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი.

“ბ” ჯგუფში პირველი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოთხხელისუფლებიანობაა: “რეალს”, “ვალენსიას”, “ბურგოსსა” და “გრან კანარიას” თითო წაგების წილ 2-2 მოგება აქვთ. ბევრი რამ მეოთხე ტურში, 24 ივნისს გადაწყდება. ბურჯანაძის “გრან კანარია” აუტსაიდერ “სარაგოსას” შეხვდება, ხოლო მაკფადენის “ბურგოსი” ერთ-ერთ ფავორიტ, მასპინძელ, “ვალენსიას”.