ბურჯანაძის 19 ქულა სტუმრად გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

ბურჯანაძის 19 ქულა სტუმრად გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის წევრმა ბექა ბურჯანაძემ. ქართველი ფორვარდი საკუთარ გუნდ „კორუნა ლეიმა ბასკეტში“ საუკეთესო იყო, თუმცა მისმა გარჯამ ლაკორუნიელებს სტუმრად „მელილასთან“ ვერ უშველა.
„მელილასთვის“ ეს გახლდათ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი და სწორედ ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული, გავიდოდა თუ არა პლეი ოფში. მასპინძლებმა მოახერხეს ბურჯანაძის გუნდის დამარცხება (83:70) და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში გავიდნენ.
ბურჯანაძის გუნდს კიდევ ერთი მატჩი დარჩა გასამართი, თუმცა რომც მოიგოს, პლეი ოფში გამსვევ მე-9 ადგილამდე ვერ აღზევდება. ლაკორუნიელებს 11 მოგება და 16 მარცხი  აქვთ და ისინი მე-11 ადგილზე არიან. ბოლო, 28-ე ტურში, 17 აპრილს „ლეიმა ბასკეტი“ „პალენსიას“ უმასპინძლებს, რითაც ქართველი ფორვარდისთვის 2014-15 წლების სეზონი დასრულდება.
რაც შეეხება „მელილასთან“ გამართულ მატჩს, ბურჯანაძემ 32 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ზუსტი მიზანი გამოავლინა და 10 ცდიდან 5 სამქულიანი ჩააგდო. ბექამ ასევე 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა. ბურჯანაძის გარდა ლაკორუნიელთაგან 10-ქულიანი ღვარი ხესუს კასტრომ დაძლია, რომელმაც 28 წუთში 10 ქულა მიითვალა.