მძიმე სტარტის შემდეგ ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ესპანეთის ჩემპიონატში სიჩქარე აკრიფა. კუნძულელებმა თამაში გამოასწორეს და თამაშებს ზედიზედ იგებენ.
გრან კანარია ამჯერად ბეტისს დაუხვდა და საკმაოდ იოლად – 78:54 მოიგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 16:01 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. ბექას მხოლოდ ამერიკელმა ჯონ შურნამ (15) აჯობა, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო.
გრან კანარიას 15 მატჩში 5 მოგება მოუგროვდა და 19-გუნდიან ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს, სტუმრად, მანრესასთან ჩაატარებს.