ჩეხეთის ნაკრებს კაპიტანი ბენდა გამოაკლდა

ჩეხეთის ნაკრებს კაპიტანი ბენდა გამოაკლდა

ჩეხეთის ნაკრებს დანაკლისი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს კაპიტანი, პეტრ ბენდა გამოაკლდა, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ევროპასკეტის დაწყებამდე მომჯობინებას ვერ ასწრებს. Fibaeurope.com-ზე ჩეხეთის ნაკრების შესახებ სტატია გამოქვეყნდა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ

პეტრ ბენდა ჩეხეთის ნაკრებს გამოაკლდა
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ ბუდინსკიმ შეკრებაზე ყველა სასურველ კალათბურთელს უხმო ახალგაზრდა ვარსკვლავების – იან ვესელის და ტომაშ სატორანსკის და ვეტერანების – ირჟი ველშის და ლუბოშ ბარტონის ჩათვლით. გამოძახებულთა შორის გახლდათ 31 წლის ცენტრი პეტრ ბენდაც (203 სმ.), რომელიც ევრობასკეტზე გუნდის კაპიტანი უნდა ყოფილიყო….
ბენდამ ტრავმა თებერვალში მიიღო, თუმცა, მშობლიურ “ნიმბურკს” არ უღალატა და ჩეხეთის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მან სეზონი ტკივილებით ჩაამთავრა და იმის შემდეგ თერაპიულ კურსს გადიოდა, თუმცა ამაოდ.
ფიზიოთერაპევტების ზედამხედველობით ბენდამ ჩეხეთის ნაკრებში სამი ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ეროვნული გუნდის ექიმებმა დაასკვნეს, რომ კაპიტანი დანარჩენ კალათბურთელებთან ერთად სრულად დატვირთვას ვერ მოახერხებს.
ბუდინსკის გადაწყვეტილებით, ბენდა ნაკრების მომავალი შეკრებიდან უკვე განთავისუფლებულია და მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრამდე კაპიტნის გამოჯანმრთელება თითქმის შეუძლებელია, მწვრთნელი მისი შემცვლელის გამოძახებას არ აპირებს.
“ძალიან გულნატკენი ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ვერ ვახერხებ. ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა სრულად დატვირთვის საშუალებას არ მაძლევს, რის გამოც გადავწყვიტეთ, ეროვნული გუნდის საზაფხულო შეკრებებს გამოვაკლდე”, – აღნიშნა ბენდამ, რომლის მონაგარიც მომავალი ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში საშუალოდ 12.5 ქულა და 6.5 მოხსნა გახლდათ.
პაველ ბუდინსკი: “ბენდას გარშემო არსებული სიტუაცია ჩვენთვის ძალიან არაკომფორტული ორი მიზეზის გამოა. პირველ რიგში იგი ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, მეორეც, პეტრს ეროვნული გუნდის მიმართ ყოველთვის სამაგალითო დამოკიდებულება ჰქონდა. ამ მომენტისათვის, ბენდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ნაკრებიდან გავათავისუფლეთ და იმედია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მალე მოაგვარებს”.
ჩეხეთის ნაკრებს პირველი ორკვირიანი შეკრება ჩეხეთის დაბა ტრუტნოვში მიმდინარეობს, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება, მეორე შეკრება კი 7-12 აგვისტოს დეჩინში გახლავთ დაგეგმილი. ბუდინსკის ნაკრები ევრობასკეტამდე 7 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
 
ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის
მცველები: ტომაშ სატორანსკი (“კახასოლი”, ესპანეთი, დაბადების წელი 1991, სიმაღლე 200 სმ.), ირჟი ველში (“ნიმბურკი”, 1980, 201), მიხალ ჩარნეცკი (“პარდუბიცე”, 1985, 184), იაკუბ კუდლაჩეკი (“კანტუ”, იტალია, 1990, 193).
ფორვარდები: ვოიტეხ ჰრუბანი (“ნიმბურკი”, 1989, 202), პაველ პუმპრლა (“ობრადოირო”, ესპანეთი, 1986, 200), დავიდ ჟელინეკი (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი, 1990, 196), ლუბოშ ბარტონი (“ბრაუნშვაიგი”, გერმანია, 1980, 202), იან ვესელი (“ვაშინგტონ უიზარდსი”, NBA, 1990, 211).
ცენტრები: ონდრეი ბალვინი (“კახასოლი”, ესპანეთი, 1992, 216), პაველ ჰოუშკა (“ნიმბურკი”, 1984, 203), იაკუბ ჰოუშკა (“დეჩინი”, 1982, 206), კამილ სვრდლიკი (“პროსტეიოვი”, 1986, 206).
სათადარიგო მოთამაშეები: იარომირ ბოჰაჩიკი (“პროსტეიოვი”), ადამ ჩიჟი (“ოსტრავა”), მარტინ გნიადეკი (“ოსტრავა”), ტომაშ ჰამპლი (“ანდორა”, ესპანეთი), ონდრეი კოჰოუტი (“პროსტეიოვი”), პაველ სლეჟაკი (“პროსტეიოვი”), ტომაშ პომიკალეკი (“ნიმბურკი”), ონდრეი სტაროსტა (“ნავარა”, ესპანეთი), ლუბოშ სტრია (“დეჩინი”), იაკუბ შირინა (“ოპავა”).