ჩემპიონმა სუპერლიგა იოლი გამარჯვებით დაიწყო

6 ნოემბერი. რუსთავი
ენერჯი–ინვესტი 110:51 მერანი
25:11 25:10 26:21 34:9
ენერჯი: ჩიტაშვილი (4ქ, 4ჩ), ტუღუში (12ქ, 6მ, 6პ), ჭოჭუა (5ქ), ჯუჯანი (11ქ, 6მ, 3ჩ), ბაბიაშვილი (18ქ, 7მ); მაჭავარიანი (9ქ), ცეკვავა (12ქ), ჩაჩანიძე, აბაიშვილი (4ქ), დვალიშვილი (17ქ, 8მ), არწივიძე (3ქ), ხმელიძე (15ქ, 9მ)
მერანი: ფ. გურული (10ქ), გ. გურული (3), ენუქიძე (18ქ, 5მ), დოლიძე (5ქ, 3ჩ), მეზვრიშვილი (11ქ, 5მ); ნიკურაძე, სამხარაძე, ჯ. გურული, სვანიძე, გაბუნია, მჭედლიშვილი, თავამაიშვილი (4ქ)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
სუპერლიგის პირველი მატჩი საინტერესო ვერ გამოდგა. ერთმანეთს წინა სამი გათამაშების გამარჯვებული „ენერჯი–ინვესტი“ და დებიუტანტი ჭიათურის „მერანი“ შეხვდნენ. შეხვედრას რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზმა უმასპინძლა და საბოლოოდ ტაბლოზე 59–ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
როგორც ჩანს, სუპერლიგის დებიუტანტი ჭიათურელები სათანადოდ მზად არ არიან, რომ მოქმედ ჩემპიონსა და ახლაც დიდი ამბიციების მქონე გუნდს კონკურენცია გაუწიოს. ახალგაზრდულმა „მერანმა“ ყველა მეოთხედი პირწმინდად წააგო. ერთადერთი, მესამე პერიოდში გაუძალიანდნენ ჭიათურელები მასპინძლებს და ეს იმაში გამოიხატა, რომ მხოლოდ 5 ქულით წააგეს აღნიშნული პერიოდი.
სუსტი მეტოქე რომ ჰყავდა, მიხეილ ბერუაშვილს გასაქანი მიეცა და მის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე გამოსცადა. ახალგაზრდებმაც თავი ისახელეს. აკაკი დვალიშვილმა 17 ქულა მოაგროვა, ხოლო ლევან ხმელიძემ – 15. რუსთაველებს კი გამოცდილმა ზვიად ბაბიაშვილმა ულიდერა 18 ქულით, გუნდის კაპიტანმა კოტე ტუღუშმა კი მხოლოდ 19 წუთი ითამაშა და 12 ქულას, 6 პასს და ამდენივე მოხსნას მოუყარა თავი.