ჩვენი მეტოქეები: უკრაინა ახალ ზელანდიასთანაც ვერას გახდა

ჩვენი მეტოქეები: უკრაინა ახალ ზელანდიასთანაც ვერას გახდა

თურქეთის გამარჯვებით დასრულდა სტამბოლში გამართული „ადიდასის თასი“, რომლის ფინალშიც თურქეთმა 81:69 დაამარცხა ჩერნოგორია. ჩვენი ინტერესი კი უფრო მესამე ადგილისთვის მატჩისკენ იყო მიმართული, რომელშიც ერთმანეთს ევრობასკეტზე საქართველოს მომავალი მეტოქე უკრაინა და ახალი ზელანდია ხვდებოდნენ.
 
უცნაურია უკრაინის ნაკრები. მოსამზადებელი პერიოდის თითქმის ყველა მატჩში ბრძოლა გაუმართა ოპონენტს და უმეტეს შემთხვევაში დიდ შესვენებაზე იგებდა. ასე იყო სერბეთთან, ასე იყო საბერძნეთთან, თურქეთთან, ჩერნოგორიასთან და ასე იყო წუხელ ახალ ზელანდიასთანაც. პირველ ტაიმს უკრაინა ნებისმიერ მეტოქესთან კარგად თამაშობდა, ოღონდ ეგაა, მეორეში ვეღარ ინარჩუნებდა უპირატესობას და ხსენებული მატჩებიდან ყველა წააგო (მხოლოდ თურქეთს აჯობა).
 
ახალ ზელანდიასთან შეხვედრის პირველი მეოთხედი მაიკ ფრატელოს დამოძღვრილმა უკრაინელებმა 1 ქულით მოიგეს, თუმცა მეორეში უკეთ ითამაშეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 11 ქულით დაწინაურდნენ – 43:32. მესამე მეოთხედშივე აღმოფხვეს ჩამორჩენა ახალზელანდიელებმა. შორეული ქვეყნიდან ევროპაში ჩამოსულმა ნაკრებმა მესამე მეოთხედი 28:14 მოუგო უკრაინელებს, ბოლო ათწუთეულშიც აჯობა და საბოლოოდ 85:78 გაიმარჯვა.
 
გუშინ უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ევრო–მეტოქეს, თუმცა გუშინვე დავწერეთ, რომ ბულგარეთის შეხვედრა ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ „გრეჰემ იანგთან“ ჩაიშალა. ახლა კი მიზეზიც გაცხადდა. ამერიკელები თურმე იმ იმედით ჩავიდნენ საბერძნეთში, რომ უკან, ამერიკაში გასაბრუნებელ ავიაბილეთებს სასურველ დღეზე გადაცვლიდნენ. ეს არ გამოუვიდათ და „გრეჰემ იანგი“ იძულებული გახდა, ტურნირის დასრულებამდე გაბრუნებულიყო სამშობლოში. ამ გაუგებრობამ ბულგარეთის ნაკრები დააზარალა, რომელსაც ამერიკელებთან სწორედ ბოლო ტურში უნდა ეთამაშა.
 
ბულგარეთს ტექნიკური მოგება, 20:0 ჩაეთვალა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ვერაფერი შვებაა ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ სათამაშო პრაქტიკის შეძენაზე ორიენტირებული გუნდისთვის. ბულგარელები სამშობლოში გაბრუნდნენ და რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
 
 
უკრაინა 78-85 ახალი ზელანდია
16-15, 27-17, 14-28, 21-25
უკრაინა: ბურტი (18ქ, 6მ, 3პ), კოლჩენკო (17), პეჩიროვი (11ქ, 8მ), ლიშჩუკი (11), პუსტოზვონოვი (10), ზაბირჩენკო (5ქ, 5პ)