დავით უსტიაშვილი: 20-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობამდე 4 სპარინგ–მატჩს გამართავს

დავით უსტიაშვილი: 20-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობამდე 4 სპარინგ–მატჩს გამართავს

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები 11 ივლისს შეიკრიბება. დავით უსტიაშვილის გუნდი ასაკობრივ ნაკრებებს შორის არის ერთადერთი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში, ანუ ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველები С ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდნენ. ევროპირველობა 12–22 ივლისს სლოვენიის ქალაქებ – დომჟალესა და კრანსკა გორაში გაიმართება.
დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის ხელმძღვანელობით ნაკრების კანდიდატები ჯერ კიდევ გასული წლიდან მოყოლებული პერიოდულად იკრიბებოდნენ და მწვრთნელები სასელექციო მუშაობას ეწეოდნენ. რას გეგმები აქვს 20–წლამდელთა ნაკრებს, ამაზე მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გვესაუბრება.
 
 
– 11 ივნისიდან 15 კალათბურთელით შევიკრიბებით და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დავიწყებთ ევროპის ჩემპიოატისთვის მზადებას. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვექნება და საბოლოოდ სლოვენიაში გამგზავრებამდე 12 კალათბურთელი შეირჩევა.
 
– შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის 15 კალათბურთელი, რომლებიც 11 ივნისიდან შეკრებაზე იქნებიან?
 
– მიმდინარეობს ბოლო დეტალების შემოწმება. შესაძლებელია ბოლო მომენტში შემადგენლობა შეიცვალოს და ამიტომ არ მინდა 15 მოთამაშის დასახელება ვიჩქარო. რამდენიმე დღეში საბოლოოდ გვეცოდინება, თუ რომელი 15 კალათბურთელით დავიწყებთ შეკრებას.
 

 
– ცნობილია იმ მეტოქეების ვინაობა, რომლებთანაც მოსამზადებელ პროცესში სპარინგ–მატჩებს გამართავთ?
 
– გადაწყვეტილია, რომ 4 სპარინგ–მატჩს გავმართავთ. ორს ისრაელთან, ორსაც ესტონეთთან. ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში 26 და 27 ივნისს გავეჯიბრებით, ხოლო ესტონეთს სტუმრად – 5 და 6 ივლისს შევხვდებით. ვფიქრობ, ეს 4 მატჩი საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ სათანადოდ შევთამაშდეთ. ორივე ნაკრები საკმაოდ ძლიერია და ღირსეულ სპარინგ–პარტნიორობასაც გაგვიწევს.
 
– საბოლოო შემადგენლობა ცნობილი როდისთვის გახდება?
 
– ევროპის ჩემპიონატი 12 ივლისს იწყება. ვფოქრობ, სპარინგ–მატჩების შემდეგ საბოლოო შემადგენლობას შევარჩევთ.
 
– მთლიანობაში რამდენი კანდიდატი გამოსცადეთ?
 
– ნაკრებისთვის კანდიდატებს ზამთრიდან მოყოლებულია, ვარჩევთ. კვირაობით ვიკრიბებოდით და ვვარჯიშობდით. დაახლოებით 25 კალათბურთელი გამოვცადეთ. კალათბურთელებს საკმარისი დრო ჰქონდათ, საკუთარი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინათ. ასე რომ, ყველა კანდიდატი ღირსეული კონკურენციის შედეგადაა შერჩეული.
 

 
– ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?
 
– მოგეხსენებათ, შარშან B დივიზიონი მოვიგეთ და უძლიერესთა შორის ადგილი მოვიპოვეთ. რამდენიმე კალათბურთელი, მათ შორის B დივიზიონის შარშანდელი საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა. ჩვენი მიზანი უძლიერესთა შორის თავის დამკვიდრებაა. ჩვენი გუნდის წევრები დიდ გამოცდილებას მიიღებენ და კიდევ უფრო გამოიკვეთებიან ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მოხვდებიან.
 
– მეტოქეებზე რას იტყვით?
 
– ესპანეთი და თურქეთი ჯგუფის ფავორიტები არიან. რაც შეეხება ლატვიას, არც ეს ნაკრებია ნაკლები. ლატვიამ გასულ წელს მსოფლიოს 19–წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. თანაც ამ ტურნირს უმასპინძლა. ჯგუფიდან 3 ნაკრები გადის, ასე რომ ჩვენი ამოცანა სამეულში მოხვედრა იქნება.