დავით უსტიაშვილი: მხოლოდ ირლანდიაზე ვფიქრობთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასულ შაბათს ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში სტუმრად ლუქსემბურგი 98:65 დაამარცხა, თუმცა ეს შეხვედრა უკვე ისტორიას ჩაბარდა და ქართველები ახლა მთლიანად ირლანდიაში გასამართ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი.  ჩვენი ეროვნული გუნდი დღეს ლუქსემბურგიდან ავსტრიაში დაბრუნდა, სადაც შტაინბრუნის ბაზაზე ერთ, საღამოს ვარჯიშს გამართავს და ხვალ დილას ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაფრინდება. მატჩი კი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 გაიმართება.
ლუქსემბურგული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გვესაუბრება
 
 
– კმაყოფილი ხართ ჩვენი გუნდის თამაშით?
– საბოლოოდ 33 ქულით გავიმარჯვეთ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ მეტით მოგებაც შეიძლებოდა. თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ნელ–ნელა თამაში გამოვასწორეთ და მთლიანობაში კმაყოფილები ვართ.
– რომელ სათამაშო კომპონენტს გამოარჩევთ?
– ყველა რგოლში ნორმალურად ვითამაშეთ, თუმცა ხარვეზები დაცვაშიც გვქონდა და შეტევაშიც. კომბინაციების გათამაშებაც სულ არ გამოგივა. იყო მომენტები, როცა ყველაფერს კარგად ვართმევდით თავს, თუმცა რაღაცეები არ გამოგვდიოდა. დღეს დავბრუნდით ავსტრიაში და საღამოს ვარჯიშზე მოგვეცემა ლუქსემბურგთნ მატჩის ვიდეოფირის ნახვისა და ყველაფრის გაანალიზების შესაძლებლობა.
– ჩვენი ხუთეულის ყველა წევრი ასცდა 10–ქულიან ზღვარს. ეს გუნდურ თამაშზე მიუთითებს…
– ეს ძალიან კარგია, რომ უწინდელივით ერთ მოთამაშეზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი. გუნდში არაერთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ლიდერობა შეითავსოს.
– ზაზა ფაჩულიას 3 პასი დაუგროვდა, რაც ტაირონ ელისის იგივე მონაგართან ერთად საუკეთესო შედეგი იყო ამ მატჩში.
– ეს მართლაც კარგი ამბავია, რომ ზაზა ფაჩულიას ბოლო მატჩებში პასები უგროვდება. მას გაცილებით მეტი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, მაგრამ ისინი სათვალავში არ ჩათვალეს, რაკი ფარქვეშიდან პერიმეტრზე გადააწოდა. ზაზას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, მჭიდრო მეურვეობა დაუწესეს და ისიც გუნდურ თამაშზე გადაერთო. ახლა მთავარია, ირლანდიასთან მატჩს სრული მობილიზებით შევხვდეთ და გამარჯვებას მივაღწიოთ.
– თუ გაქვთ ირლანდიელთა თამაში ნანახი?
– ვიდეოფირს ირლანდიაში ჩასვლის შემდეგ მოგვცემენ და მათი თამაშის გასაანალიზებლად დრო გვექნება. ირლანდიამ შვედეთში კი წააგო, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ჩვენს მომავალ მეტოქეს საკმაოდ მებრძოლი გუნდი ჰყავს.
– ჩვენი მომავალი მეტოქეა შვედეთიც…
– შვედებზე ჯერ არ ვფიქრობთ. ირლანდიაში ძალიან პრინციპული მატჩი გველის, რომლის წაგების უფლებაც არ გვაქვს. ისე კი, შვედების თამაშის ვიდეოფირი ნანახი გვაქვს, როცა ისინი აგვისტოს შუა რიცხვებში ლატვიელებს გაეჯიბრნენ. ლატვია ლიდერის, ანდრეს ბიედრინსის გარეშე თამაშობდა და შვედებს ერთი  სპარინგი მოუგო, მეორეში კი დამარცხდა.