დავით უსტიაშვილი: მოგებები სლოვენიაში უფრო დაგვჭირდება

დავით უსტიაშვილი: მოგებები სლოვენიაში უფრო დაგვჭირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვაშია და დღეიდან სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგება. გუშინდელი დღე კი მგზავრობისა და დასვენების იყო. ნაკრების წევრებმა მხოლოდ საღამოს, მსუბუქად ივარჯიშეს ტრენაჟორებზე. კაუნასში ერთ-ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ და სანაკრებო ამბებზე გავესაუბრეთ…
– დავიწყოთ ისრაელთა ჩატარებული ბოლო მატჩით, რომელიც 2 ქულით წააგეთ…
– მატჩის პირველ ტაიმს მთლიანად და მესამე მეოთხედის უმეტეს ნაწილს ვაკონტროლებდით. ჩვენი გუნდი ყველა რგოლში კარგად ირჯებოდა და სოლიდურადაც ვიგებდით. მასპინძლებმა რომ შეხედეს, ასეთი თამაშით შანსი არ ჰქონდათ, უხეშობაზე გადავიდნენ. მსაჯმაც მიუშვა, ამას ჩვენი შეცდომებიც დაერთო და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. მესამე პერიოდი დასკვნით წუთებში დაშვებული შეცდომების გამო 10 ქულით წავაგეთ, ხოლო ბოლო პერიოდში 8 ქულით ჩამოვრჩით.
– ასეთ სიტუაციაში მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ?
– მოგება, რა თქმა უნდა, გვინდოდა, თუმცა ეს მასპინძლების სურვილი უფრო იყო. ისრაელს წინა 2 მატჩი ჩვენთან წაგებული ჰქონდა, ამასთან, 2 დღის წინ საკუთარი ქომაგების თვალწინ დავამარცხეთ. პლუს ამას, ეს იყო მათი ბოლო მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე, რომელსაც მშობლიურ ქალაქ ჰაიფაში თამაშობდნენ და წარმოიდგინეთ, როგორ ენდომებოდათ მოგების მოპოვება. მასპინძლები ყველაფერს აკთებდნენ საამისოდ, ჩვენ კი გადამწყვეტ მომენტში გუნდის ერთ-რთი ლიდერი, მანუჩარ მარკოიშვილი სათადარიგოთა სკამზე გვყავდა.
– ანუ მოგება იმდენად არ გინდოდათ, ვიდრე ეს მასპინძლებს სურდათ?
– ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გუნდის წევრების მწყობრში ყოფნა და მომავალი მატჩებისთვის მომზადებაა. თავიდანვე დავგეგმეთ, რომ მარკოიშვილს, რომელსაც ტრავმის გამო გარკვეული პაუზა ჰქონდა როგორც თამაშში, ისე ვარჯიშებში, მხოლოდ 15 წუთს ვათამაშებდით. არ გვინდოდა, ერთბაშად დიდი დატვირთვა მიეღო და ამით მის ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა. ასეც გავაკეთეთ და ბოლო მეოთხედში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, ის მოედანზე მაინც გავიყვანეთ. ჩვენმა ნაკრებმა მაინც დაძლია ის კრიზისი, რომელიც მატჩის მესამე პერიოდში დაიწყო და საბოლოოდ მხოლოდ 2 ქულით წავაგეთ. ისე გამოვიდა, რომ მატჩის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა.
– დარჩენილ მოსამზადებელ ციკლში რა გეგმები გაქვთ?
– ისრაელიდან მატჩის მეორე დღეს, 29 აგვისტოს წამოვედით. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დაახლოებით დღის 1 საათზე ლიტვაში ჩამოვედით. გუნდმა საღამომდე დაისვენა და შემდეგ მსუბუქად, ტრენაჟორებზე ივარჯიშა. 30 და 31 აგვისტოს ჩვეულ რიტმში, დღეში ორჯერადი ვარჯიშებით განვაგრძობთ მომზადებას, რის შემდეგაც, 1 სექტემბერს, ლიტვის ნაკრებს ვეთამაშებით.
– ლიტვასთან მატჩი ბოლო იქნება მოსამზადებელ ციკლში და  ევროპის ჩემპიონატის წინ დადებითი განწყობის შესაქმნელად  მოგებას გარკვეული ფასი ექნება…
– მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მატჩი დადებითად წაადგება ჩვენს ნაკრებს. ლიტვა ძალიან ძლიერი და სოლიდური გუნდია, რომელმაც მოსამზადებელ პერიოდში პირველი მატჩი გუშინწინ საბერძნეთთან წააგო. გასათვალისწინებელია, რომ ეს ლიტვისთვისაც ბოლო საკონტროლო მატჩი იქნება, რომელსაც საუთარი ქომაგების თვალწინ ჩაატარებს და მოგებას ყველანაირად ეცდება. არ მინდა ამ მატჩს მხოლოდ მოგების კუთხით შევხედოთ, მოგებები ჩვენ სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე უფრო დაგვჭირდება.
– 1 სექტემბერს სრული შემადგენლობით და დატვირთვით ითამაშებთ?
– ლიტვასთან გუნდი შეზღუდვების გარეშე ითამაშებს. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩმპიონატის წინ. თითქმის ყველა აქამდელ საკონტროლო მატჩში ვიღაცა გვაკლდა, ან რომელიმე კალათბურთელს ბოლომდე ვერ ვტვირთავდით. მადლობა ღმერთს, ეს სიტუაცია აღარ გვაწუხებს და გუნდი ევროპის ჩმპიონატს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.
– სლოვენიაში როდის მიემგზავრებით?
– 2 სექტემბერს, ჩარტერული რეისით ჩავალთ სლოვენიაში