საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველების მეტოქე ამჯერად პოლონეთის ნაკრები იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფშია. შესაბამისად, ამ შეხვედრას უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. ორივე გუნდის მწვრთნელი იმის დანახვას ცდილობდა, რაც ერთი შეხედვით არ ჩანდა. ამ სტრატეგიულ თამაშში საბოლოოდ პოლონეთმა იმარჯვა – 87:75.
პირველ მეოთხედში საქართველო 11:20 ჩამორჩა, თუმცა გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის წყალობით ქართველები 21:20 დაწინაურდნენ. ცინცაძემ პირველ მეოთხედში 12 ქულა ჩააგდო, მან 10 საჯარიმო შეასრულა და 8 ჩააგდო. საწყისი მეოთხედი საბოლოოდ 25:25 დასრულდა.
საქართველომ ნატურალიზებული კალათბურთელების გარეშე ითამაშა. განაცხადში ლუკ ზელერი გახლდათ, რომელიც მოედანზე არ გამოჩენილა. რიკი ჰიკმანს რაც შეეხება, კოკოშკოვს ის განაცხადში არ შეუყვანია.
მეორე პერიოდში თავიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა შემდეგ პოლონელებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით – 42:35 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. პოლონელებმა შედეგიანი თამაში გააგრძელეს, მე-3 პერიოდი 25:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 17 ქულით დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა დუდა სანაძეს, რომელმაც 17 წუთი ითამაშა და თავი 14 ქულას მოუყარა. 21 წლის დუდამ 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 ორიანი ჩააგდო. ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა 22 ქულით, ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.
პოლონელთაგან 5-მა კალათბურთელმა უწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 14-14 ქულით საუკეთესონი ადამ ვაჟინსკი და პრემისლავ ზამოისკი გახლდათ. მაცეი ლამპემ, რომელიც ბარსელონიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც კატალონიურ გრანდთან კონტაქტი გააფორმა, პოლონელებს 11 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.
ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, ისრაელთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩის შემდეგ იტალიაში დავუკავშირდით საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
– ჩვენი მთავარი მიზანი იმ მოთამაშეების გამოცდაა, რომლებიც შედარებით ახლები არიან და გვსურს, ყველა მათგანის შესაძლებლობებში დავრწმუნდეთ. შესაბამისად, თამაშის შანსი ყველას ეძლევა. დღეს პოლონეთთან თამაშს არა უშავდა. ბიჭებმა პერიმეტრიდან წარმატებით ესროლეს, ხოლო შედეგს არ ვანიჭებთ გადამწყვეტ მნიშვნელობას.
– მოგეხსენებათ, პოლონეთი ჩვენი მეტოქეა ევროპის ჩემპიონატზე და მთავარი მატჩი ერთ თვეში გველის. ეს ვარჯიში უფრო იყო, ვიდრე სერიოზული დაპირისპირება. არც ერთი გუნდი არ თამაშობდა ოპტიმალური შემადგენლობით. პოლონეთში მაცეი ლამპემ ითამაშა, თუმცა მათ მარცინ გორტატი და ნატურალიზებული კელატი აკლდნენ.
– რაც შეეხებათ ჩვენს ნატურალიზებულ მოთამაშეებს, რიკი ჰიკმანი კვლავ არ ვათამაშეთ, გვინდა, ბოლომდე კარგად შეერწყას გუნდს და შემდეგ გავიდეს მოედანზე.
ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი. 8 აგვისტო
პოლონეთი 87:75 საქართველო
25:25, 17:10, 25:15, 20:25
სრული სტატისტიკა: 87:75პოლონეთი: ჩილინსკი (22 წ. 10 ქ. 3 პ), ლამპე (20 წ. 11 ქ. 7 მ.), ვაჩინსკი (21 წ. 14 ქ. 3 პ.), კოშარეკი (23 წ. 3 ქ. 13 პ.), კარნოვსკი (17 წ. 3 ქ.); ვიშნიევსკი (6 წ.), შუბარგა (11 წ. 4 ქ.), ზამოისკი (21 წ. 14 ქ.), პონიტკა (18 წ. 12 ქ. 3 პ.), კულიგი (2 წ.), ჰრიჩანიუკი (13 წ. 3 ქ.), გიელო (5 წ.), იგნერსკი (22 წ. 13 ქ.).
საქართველო: ბოისა (11 წ. 2 ქ.), ცინცაძე (31 წ. 22 ქ. 4 მ. 4 პ.), შერმადინი (27 წ. 7 ქ. 8 მ.), მარკოიშვილი (30 წ. 9 ქ. 3 პ.), სანიკიძე (29 წ. 20 ქ.); ფაცაცია (21 წ. 1 ქ. 5 მ.), სანაძე (18 წ. 14 ქ. 3 მ.), ცქიტიშვილი (11 წ.), ბურჯანაძე (6 წ.), ფხაკაძე (10 წ.), შარაბიძე (7 წ.);