დავით უსტიაშვილი: “მწვრთნელის დავალება ყველა მოთამაშემ ზუსტად შეასრულა”

დავით უსტიაშვილი: “მწვრთნელის დავალება ყველა მოთამაშემ ზუსტად შეასრულა”

საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, რუმინეთში ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ, რომელსაც თავდაპირველად ზაზა ფაჩულიას უთამაშებლობის მიზეზზე დავეკითხეთ…
 

 
– ზაზა სათამაშოდ მზად იყო, ის მატჩის წინ გასახურებლადაც გავიდა, მაგრამ ფეხის კუნთმა შეაწუხა და გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა. ამის გამო ბოლო წუთს მოგვიწია გუნდის გადაწყობა. საბედნიეროდ, ბიჭებმა კარგად გაართვეს ამ ამოცანას თავი და მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. ამ მოგებით წინ წავიწიეთ და ეხლა მომდევნო მატჩზე ბევრი რამეა დამოკიდებული. თუკი 5 სექტემბერს თბილისში ბოსნიას მოვუგებთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად ვინაღდებთ. შემდეგ კიდე გვექნება საბრძოლი, რათა ლატვიაში გავიმარჯვოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, თუმცა ამაზე მას შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, რაც ბოსნიას დავამარცხებთ. მინდა მოვუწოდო გულშემატკივრებს, მოვიდნენ და უქომაგონ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში.
 
– რას იტყვით უშუალოდ რუმინეთის მატჩზე?
 
– ყველა კალათბურთელმა მოედანზე გული დადო. ბოლომდე იბრძოლეს. როცა ბოლო მეოთხედში რუმინელებმა 4 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, წუთშესვენებაზე ბიჭებს სესაბამისი დავალებები მივეცით, რომელიც ყველამ ზუსტად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა არ იყო და ფარქვეშ გვიჭირდა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა გამარჯვება მოგვეპოვებინა.
 

– თბილისში როდის ბრუნდებით?
 

– ხვალ დილით გამოვფრინდებით და შუადღის 2 საათისთვის თბილისში ვიქნებით. ხვალ საღამოს ვარჯიში გვაქვს დანიშნული. ბოსნიასთან მატჩისთვის მზადებას უკვე აქედანვე ვიწყებთ.