დავით უსტიაშვილის გუნდმა მაკედონიაში მე–8 ადგილი დაიკავა

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სკოპიე. 26 ივლისი
საქართველო 75:97 ფინეთი
 
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მე–8 ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. მას შემდეგ, რაც პლეი ოფში ვერ გავიდა, დავით უსტიაშვილის გუნდმა 5–8 ადგილებისთვის განაგრძო ბრძოლა, მაგრამ ორიდან ორივე მატჩი წააგო და მე–8 ადგილს დასჯერდა.
დღეს ქართველმა 20–წლამდელებმა იმ ფინეთთან წააგეს, რომელთანაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 9 ქულით დამარცხდნენ. ამჯერად მარცხი უფრო დიდსხვაობიანი იყო – 75:97. უსტიაშვილის გუნდი 3 მეოთხედი ებრძოლა ფინელებს და შემდეგ ერთბაშად შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. პირველი მეოთხედი ჩვენებმა 3 ქულით მოიგეს, დიდ შესვენებაზე ფრე იყო, ხოლო მესამე ათწუთეულის დასრულებამდე 1, 44 წუთით ადრე საქართველო 57:55 იგებდა. ეს იყო და შემდეგ მოედანზე მხოლოდ ფინელები დომინირებდნენ. მატი ლეჰტორანტამ და როოპი აჰონენმა 50 წამში სამი სამქულიანი ჩაგვიგდეს, ხოლო მესამე მეოთხედის დასრულებამდე ფინელებმა 9 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა – 68:59.
ბოლო მეოთხედი ფორმალობა გამოდგა. ფინელებმა განაგრძეს შორი მანძილიდან ზუსტი სროლები და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს. სულ სკანდინავიელებმა 17 სამქულიანი ჩაგვიგდეს, ხოლო ჩვენებმა მხოლოდ 5 გაარტყეს მიზანში.
უსტიაშვილის გუნდში არ უთამაშია ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და მწვრთნელმა ეროვნულ ნაკრებში წასვლამდე მას დასვენების საშუალება მისცა. შენგელიას არყოფნაში ლიდერობა რიჩარდ მათიაშვილმა ითავა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა, ხოლო ლევან შენგელიას 19 ქულა ჰქონდა. ორმაგი დუბლის ზღვართან იყო ბექა წივწივაძე, რომელმაც 10 ქულა და 9 პასი დააგროვა.
მაშ ასე – ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაკედონიური ტურნირი დაასრულა. სანუკვარი A დივიზიონის საგზურები კი ფინალში გასულ ჩეხეთსა და ჰოლანდიის ნაკრებებს ერგოთ. მაკედონიიდან ავსტრიაში გადავლენ და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან: მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და მოთამაშეები – ნიკა მეტრეველი, თორნიკე შენგელია და ლევან შენგელია.