ზაზა ფაჩულიას სათამაშო დრო გაეზარდა. თუკი აქამდე ის მოედანზე 12-14 წუთით ჩნდებოდა, ბოლოსწინა შეხვედრაში 22 წუთს ითამაშა, ხოლო დღეს, გამთენიისას, დენვერში გამართულ შეხვედრაში მწვრთნელმა ის მოედანზე 19 წუთით დატოვა. ქართველი ცენტრიც ყოჩაღობს და თუკი ბოლოსწინა შეხვედრაში ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა (8 ქულა, 13 მოხსნა), ახლა ამ შედეგამდე 2-მა მოხსნამ არ იკმარა.
ფაჩულიამ კარგად გაართვა თავი სერბი გენიოსისა და სუპერვარსკვლავობამდე ერთ ნაბიჯში მყოფ ნიკოლა იოკიჩთან ორთაბრძოლას. იოკიჩმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ცენტრებში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, “გოლდენ სტეიტთან” 33 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 19 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზას მოედანზე ყოფნისას “გოლდენ სტეიტმა” 12 ქულით აჯობა “დენვერს” და ეს შედეგი ოკლენდელთა შორის საუკეთესო იყო. ამ მაჩვენებლით ფაჩულიას შემდეგ სტეფ კარი მოდის (+4), ხოლო დრეიმონდ გრინი ამ მხრივ ძალიან უკანაა (-11). ამ +- მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ “გოლდენ სტეიტმის” მოთამაშეებმა ვერ იყოჩაღეს და შესაბამისად, გუნდიც დამარცხდა. ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა კოლორადოში 108:115 წააგო. კი ჩააგდო კევინ დიურანტმა 31, ხოლო სტეფ კარიმ – 24 ქულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდურად მოთამაშე დენვერელების დასამარცხებლად.
41 მოგებითა და 12 მარცხით “გოლდენ სტეიტი” მაინც გვარიანი ჰანდიკაპით ლიდერობს დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას. შემდეგ მატჩს ოკლენდელები შინაურ “ორაკლ არენაზე” 7 თებერვალს, “ოკლაჰომასთან” გამართავენ.