დღეს, ბოსნიასთან მეორე საკონტროლო მატჩში, მანუჩარ მარკოიშვილი არ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გუშინ, ბოსნიასთან შეხვედრის მეორე მეოთხედში ფეხი იტკინა და თამაში აღარ ჩაუმთავრებია, ხოლო დღეს, ჩვენი გუნდის ექიმები და სამწვრთნელო შტაბი მის დატვირთვას ერიდებიან.
”მანუჩარს ფეხი ბოლომდე მწყობრში არ აქვს და გადავწყვიტეთ, დღევანდელ მატჩში არ დავტვირთოთ, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ” – გვითხრა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, პაატა ლობჟანიძემ, რომელსაც მაშინ შევეხმიანეთ, როცა ეროვნული გუნდი პოდჩეტრტეკიდან ლიუბლიანაში მიემგზავრებოდა.
”პოდჩეტრტეკში შეკრება დავასრულეთ და ხვალ საფრანგეთში, საერთაშორისო ტურნირიში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრებით. ახლა ლიუბლიანაში მივდივართ, სადაც სასტუმროში დავბინავდებით, ხოლო საღამოს იესენიცეში ბოსნიასთან სათამაშოდ გავემგზავრებით. თამაშიდან ლიუბლიანაში დავბრუნდებით, ღამეს გავათენებთ და დილას გეზს საფრანგეთისკენ ავიღებთ”.
შეგახსენებთ, რომ ბოსნია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.