თბილისის „დინამომ“ გასულ ორშაბათს 1 ექსპერიმენტული სკოლა დაამარცხა, რითაც ოთხეულში ადგილი ოფიციალურად გაიფორმა, ხოლო წაგებულ სერგო იშხნელის გუნდს საქმე გაურთულდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. სერგო იშხნელის დამოძღვრილი პირველ სკოლელები თავიდან საიმედოდ უგებდნენ მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები დამარცხების მქონე დინამოელებს, თუმცა ბოლო მეოთხედში დაწილას ვეღარ გაუძლეს. გივი ბაქრაძის აქტიური და ზუსტი თამაშის წყალობით დავით თორთლაძის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფი ხომ გაინაღდა, პირველ ადგილზე გასვლის ჩინებული შანშიც გაუჩნდა. დღეს კი კიდევ ერთი გუნდი გამოაკლდა პლეი ოფში გამსვლელთა ბრძოლას. გია ტეტელაშვილის „მართვე–1“ კახა შენგელიას „მართვე–2“–თან დამარცხდა და ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. შენგელიას გუნდისთვის გამარჯვებას პრესტიჟის ხასიათი თუ ჰქონდა, რადგან „მართვე–2“–მა პლეი ოფში თამაშის შანსი წინა ტურში დაკარგა. მაშ ასე, ოთხიდან 2 პლეი ოფში გასული გუნდის ვინაობა ცნობილია. დარჩენილი 2 ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის – „რუსთავი“, „ენერჯი“ და 1 ექსპერიმენტული სკოლა. ყველაზე კარგად საქმე „ენერჯის“ აქვს, რადგან მხოლოდ 4 წაგება გააჩნია. ყველაფერს ალბათ „რუსთავის“ და 1 ექსპერიმენტული სკოლი მატჩი გადაწყვეტს, რომლის გამარჯვებულიც „ენერჯისთან“ ერთად ნახევარფინალურ კვარტეტს შეავსებს.