“დინამომ” მოითმინა, არ გატყდა და მოიგო

“დინამომ” მოითმინა, არ გატყდა და მოიგო

საკმაოდ დაძაბულ მატჩებს უმასპინძლა აგრარულმა უნივერსიტეტმა. ყველაზე
საინტერესო მაინც „დინამოსა“ და „მართვე 1“–ის დაპირისპირება გამოდგა, რომლის
ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა დინამოელთა სასარგებლოდ.

დავით თორთლაძის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დინამოელები
ბოლომდე არ მოეშვნენ მთელი მატჩის განმავლობაში მოლიდერე მართველებს. ბოლო
მეოთხედის წინ 11 ქულით აგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს წარმატების მიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ „დინამოს“ ოთხმა წევრმა შეუცვლელად ითამაშა, ბოლო წუთებზე
უფრო დაღლილი ხათუნა გაბედავას გუნდი გამოიყურებოდა. დინამოელებს ლიდერობდა ირაკლი
ალხანაიძე, რომელმაც 27 ქულა და მიმდინარე ჩემპიონატში სარეკორდოდ ბევრი, 21
მოსხნა მიითვალა, თუმცა როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, სხვამაც წარმატებით
დააგვირგვინა შეტევა. როცა ანგარიში თანაბარი იყო და საფინალო სირენამდე ოციოდ
წამი რჩებოდა, მართველები დაცვაში სწორედ ალხანაიძეს მეურვეობდნენ საგულდაგულოდ,
თუმცა დინამოელებმა სულ სხვა მოთამაშეზე აწყობილი კომბინაცია დაგეგმეს და ნოდარ მაჭარაძემ
გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

„მართვეს“ 16 წუთი ჰქონდა მატჩის გადასარჩენად და საამისოდ რეალური
მომენტიც ჩაუვარდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე
დამდგარმა ვატო ნიორაძემ მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო და „დინამომ“ 69:68 გაიმარჯვა.

ემოციებით სავსე გახლდათ „სოხუმისა“ და „ქუთაისის“ მატჩი. სოხუმელები
თავიდან რომ დაწინაურდნენ, თითქმის მთელი თამაში ლიდერობდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა
მოთმინებისა და გამართული თამაშის წყალობით ეს თითქოს წაგებული მატჩი სათავისოდ
შემოატრიალეს.

სოხუმელები მეტოქეს ჯობნიდნენ მანამ, სანამ მესამე მეოთხედში მათ
მოედნიდან რამდენიმე მოტამაშე არ გაუვარდათ. ყველაზე სერიოზული დანაკლისი
სოხუმელთათვის აკაკი ტიკიშვილის მოსაკლისება გახლდათ. ამ ახალგაზრდამ ნერვები ვერ
მოთოკა, მეოთხე პერსონალურის მიღება ბურთის იატაკზე დანარცხებით გამოხატა და
მსაჯისგან ტექნიკური, მე–5 ჯარიმა დაიმსახურა.

სამას მალე მოჰყვა გიორგი ორმოცაძის მეხუთე პერსონალურიც და
სოხუმელები უკვე მესამე მეოთხედში გაუნიავდათ 12–14 ქულიანი ლიდერობა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტ მეოთხედში ბოლომდე იბრძოლეს
სოხუმელებმა, მაგრამ დალაგებულად მოტამაშე ქუტაისელებთან ვეღარაფერს გახდნენ.

მესამე მატჩში „ნიკემ“ 80:69 მოუგო „სალხინოს“. ამ მატჩის სრული ოქმი
ჩვენს ვებ–გვერდზე მოგვიანებით დაიდება.