“დინამოს” გმირობა: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბოლო მეოთხედში გაქვეთილი 17 ქულა

“დინამოს” გმირობა: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბოლო მეოთხედში გაქვეთილი 17 ქულა

„დინამომ“ პირველი წრის ბოლო ტურში ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ
თავსა და გულშემატკივრებს. ზაზა ცაგარეიშვილისა და დავით თორთლაძის გაწვრთნილმა
დინამოელებმა შსს–ს დრამატული შეხვედრა ქულით მოუგეს.

ამ მატჩში დამყარდა მიმდინარე სეზონის რეკორდი, რომელსაც მთელს ქართულ
კალათბურთში ანალოგი რამდენიმე თუ ექნება. „დინამომ“ გადამწყვეტ მეოთხედში
17–ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა მეტოქეს და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. შინაგან
საქმეთა სამინისტროს გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 17 ქულით იგებდა და მისმა
მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ გამარჯვება მოპოვებული ჰქონდათ და მწარედაც დაისაჯნენ.
ბოლო მეოთხედში „დინამო“ მობილიზებული, შსს კი დაარხეინებული გამოვიდა მოედანზე და
როცა ცაგარეიშვილის გუნდმა ზედიზედ ჩაყარა სამ თუ ორქულიანები, მერე „ძალოვნებს“
გაუჭირდათ ერთ მუშტად შეკვრა და საბოლოოდ ქულით დათმეს შეხვედრა.

ბოლო მეოთხედი დაიწყო თუ არა, დინამოელებმა რამდენიმე ბურთი ჩააგდეს
და 17–ქულიანი ჩამორჩენა ოდნავ შეკვეცეს. შსს კი დაიბნა და არაერთ უვნებელ
სიტუაციაში დაკარგა თუ ააცილა ბურთი. ნინო ნოზაძე, ნოდარ სიგუა და ილია ლონდარიძე
ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე შსს–ს ლიდრობა 10
ქულას ჩამოსცდა.

ძალიან დრამატული გამოდგა ბოლო წუთი. შსს 71:68 ლიდერობდა, როცა ნოდარ
სიგუამ წარმატებული გარღვევა განახორციელა, თანაც ისე, რომ მეურვე აიძულა, რომ
მასზე დაჯარიმებულიყვნენ. სიგუამ წარმატებით ისროლა საჯარიმო და ანგარიში
გაათანაბრა. დაცვისას დინამოელები შსს–ელ ლადო სუხიშვილზე დაჯარიმდნენ და ამ
უკანასკნელმა საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე „ძალოვნებმა“ ქულიანი ლიდერობა
მოიპოვეს.

„დინამომ“ გადამწყვეტ შეტევაში ბურთი ბოლომდე გაათამაშა და საბოლოოდ ილია
ლონდარიძემ ფარქვეშიდან მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე გამარჯვების ბურთი
ჩააგდო.

ეს გახლდათ დღევანდელი ტურის მესამე მატჩი, პირველ შეხვედრაში კი
ერთმანეთის პირისპირ ლევან მოსეშვილის გამოცდილი მოთამაშეებით
დაკომპლექტებული  „ავიამშენი“ და
სუპერლიგის დებიუტანტი „ჭიათურა“ შეხვდნენ. ამ შეხვედრაში ყველაფერი პირველ ტაიმში
გაირკვა, როცა თბილისელებმა 34–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

„ავიატორთა“ შორის ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა ორმაგი დუბლი.
სერგო ათუაშვილი – 32 ქულა, 13 მოხსნა, 30 ქულა, თორნიკე ნინიაშვილი – 30 ქულა, 10
მოხსნა და ანატოლი ბოისა – 21 ქულა, 13 მოხსნა. ლევან მოსეშვილის გუნდმა მეორე
ტაიმშიც არ შეანელა მიძალება და საბოლოოდ 62 ქულით – 125:63 მოიგო.

დღეს, 14 საათზე დაწყებული ტურის ცენტრალური მატჩის მხოლოდ პირველი
მეოთხედი აღმოჩნდა დაძაბული. „სოხუმმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და სანამ ძალები
გასწვდა, ტოლს არაფერში უდებდა. ბუბა კვიმსაძე, ირაკლი სორდია და გიგა კვეტენაძე
უხვად ამარაგებდნენ სოხუმელებს ქულებით და პირველი მეოთხედი 20:20 დასრულდა, აი,
მცირე შესვენები შემდეგ კი ბათუმელებმა გაილაღეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია
დავით იმნაძისა და ბესიკ ლეჟავას გარჯა. იმნაძემ მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი
დაამყარა მოხსნებში. აქამდე საუკეთესო შედეგი მის თანაგუნდელ პლასიდე როდუმტას
ჰქონდა – 19 მოხსნა, იმნაძემ კი სოხუმელებთან მატჩში ერთით მეტი ფარიდან ასხლეტილი
ბურთი მოიხელთა, რასაც 25 ქულა მოაყოლა და მეტოქის გატეხვაში ლომის წილი დაიდო.
ლეჟავას კი 29 ქულა დაუგროვდა და მატჩის ბომბარდირი გახდა.

ტურის ბოლო მატჩი საინტერესო გამოდგა. ახალგაზრდულმა
„სამედიცინო–აკადემიამ“ პირველი მეოთხედი მოუგო ჩემპიონატში მხოლოდ ერთი წაგების
მქონე თსუ–ს და დიდ შესვენებამდეც ტოლი არაფერში დაუდო. ბექა ბექაური და მერაბ
ბოქოლიშვილი თამამად წინამძღოლობდნენ მედიკოს–აკადემიელებს, ხოლო დაცვაში კახა
მუმლაძე და ნოდარ თენიეშვილი აქტიურობდნენ. თსუ–მ თავიდან სათანადოდო ვერ შეაფასა
მეტოქე და ალბათ ამიტომაც გაუჭირდა. მეორე მეოთხედში სახელმწიფო უნივერსიტეტელები
შორ სროლებზე გადავიდნენ – ლაშა ლოსაბერიძემ ორჯერ, ხოლო მიხეილ ფანჩულიძემ ერთხელ
შორიდან ზუსტად გაარტყეს მიზანში და დიდი შესვენებისთვის თსუ 5 ქულით, 39:34
გალიდერდა.

გელა წულაძის ახალგაზრდულმა გუნდმა მესამე მეოთხედიც გაუძლო თსუ–ს,
რის შემდეგაც ოდენ 8 ქულით ჩამორჩებოდა (52:60), ხოლო ბოლო ათწუთეულში გატყდა.
ამის მთავარი მიზეზი დავიტ ბარბაქაძის და მიხეილ ფანჩულიძის შედეგიანი თამაშია.
პირველმა 27 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორემ 21 ქულას მოუყარა თავი.
თსუ–ელი გიორგი გაფრინდაშვილი კი 11 პასით გამოირჩა, რითაც მიმდინარე სეზონის
საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

2009 წლისა და პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ რუსთავში გაიმართება
და თითქოს სიმბოლურია, რომ ეს მატჩი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ შეხვდება ახალ წელს
პირველ ადგილზე. დაუმარცხებელი „ენერჯი–ინვესტი“ ერთი წაგების მქონე სსაუ–ს
წინააღმდეგ.

ოთხივე მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/calendar.php