დიქსონის 19 ქულა და გამარჯვება “არისთან”

დიქსონის 19 ქულა და გამარჯვება “არისთან”

საბერძნეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მაიკლ დიქსონის აეკ-მა ვიქტორ სანიკიძის “არისს” უმასპინძლა და 81:61 სძლია. მოგეხსენებათ, სანიკიძე ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ, დიქსონი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა 29 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დიქსონმა 6-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. აეკ-მა 10 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ოლიმპიაკოსსა” (12 მოგება) და “პანათინაიკოსს” (11) ჩამორჩება. თავის მხრივ, 8 გამარჯვებით მე-4 პოზიციაზეა “არისი”. საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტური 21 იანვარს შედგება, რომელშიც დიქსონის გუნდი “აპოლონ პატრასს” უმასპინძლებს.