მაიკლ დიქსონის წარმატებული ბერძნული კარიერა გრძელდება. ყველა მატჩში, რომელშიც მან აეკ-ის მაისურით ითამაშა, თანაგუნდელთაგან საუკეთესო იყო და ასე იყო გასულ შეხვედრაშიც. საბერძნეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში ათენელებმა “ლავრიო” 96:56 გაანადგურეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კი მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე მოედანზე მხოლოდ 17:51 გაატარა, თუმცა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მისაღებად ეს მცირე დროც ეყო.
დიქსონი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მასპინძელთაგან უმეტესი 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაიკლ დიქსონის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. აეკ-ს 2 მოგება მოუგროვდა და საბერძნეთის ჩემპიონატში “რეტიმნოსთან” ერთად გალიდერდა, რომელმაც ვიქტორ სანიკიძის გარეშე მოთამაშე “არისს” 69:60 სძლია. მოგეხსენებათ, ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ დაეხმარება.