დისციპლინარული კომისიის წევრებმა 2 სასჯელი გამოიტანეს. ბათუმელი ივანე მაისურაძე და „სამედიცინო–აკადემიის“ ახალგაზრდა მოთამაშე გოგა ჯავახიშვილი მატჩებსაც გამოტოვებენ და თანხის გადახდაც მოუწევთ.
1 მაისს ბათუმში გამართულ, მე–5 ადგილისთვის მატჩში (ბათუმი–დინამო) მსაჯ გურამ მიქელაძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო 5 მატჩს გამოტოვებს და 1000 პირობითი ერთეულით (დოლარის ექვივალენტი ლარებში) დაჯარიმდება მასპინძელთა გუნდის წევრი ივანე მაისურაძე. სასჯელი იმიტომ იყო შედარებით მკაცრი, რომ მაისურაძისთვის ეს ამ სეზონში განმეორებითი დანაშაული გახლდათ.
წინა დღეს, 30 მაისს აჭარაშივე გამართულ მატჩში, როცა „ბათუმი“ „სამედიცინო–აკადემიას“ ხვდებოდა, სტუმართა გუნდის წევრმა გოგა ჯავახიშვილმა მსაჯს სიტყვიერი და ზღვარდადასული შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ეს უკანასკნელი 4 მატჩს გამოტოვებს და 200 დოლარით დაჯარიმდება.
მართალია, მაისურაძის გუნდმა დაასრულა ჩემპიონატი, ხოლო ჯავახიშვილის გუნდს 1 მატჩი აქვს დარჩენილი, მაგრამ სანქცია მომავალ სეზონზე გადადის და თუკი ეს მოთამაშეები დააპირებენ სუპერლიგაში თამაშს, მოედანზე ისე ვერ გავლენ, სანამ დისციპლინარების მიერ გამოტანილ სასჯელს არ მოიხდიან.
სადისციპლინო–ტექნიკურმა კომიტეტმა კიდევ ერთი სანქცია გამოიტანა. 1996 წელს დაბადებულთა ჩემპიონატში “ზაზა”–”დინამოს” მატჩში მომხდარი ჩხუბის გამო დაისაჯნენ ამ ინციდენტის ინიციატორები – “ზაზას” მოთამაშე ზაზა მანჩხაშვილი და დინამოელი ლაშა სანაია. ორივე მათგანმა 3–3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.