დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალი ჯგუფური ეტაპი. ჯგუფებში დარჩენილმა თითოეულმა მატჩმა ნახევარფინალისტი გამოავლინა. ოთხიდან სამ შეხვედრაში პლეი ოფში გამარჯვებული გავიდა, ხოლო ერთ მატჩშიდაფიქსირებულმა ანგარიშმა ჯგუფის მესამე გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი. ეს გახლდათ C ჯგუფის მატჩი, რომელშიც კსუ-მ 79:77 დაამარცხა ივერიონი, თუმცა პლეი ოფში ვერც ერთი მათგანი ვერ გავიდა.
C ჯგუფი
ივერიონი (გორი) vs კსუ (კავკასია)
სტატისტიკა: 77:79
როგორც ანგარიშიდან ჩანს, შეხვედრა დაძაბული იყო. მართლაც, მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. შეხვედრის უდიდეს ნაწილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი იგებდა, თუმცა შეხვედრის დასკვნით ნაწილში გორის გუნდმა ლიდერობა მოიპოვა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა კავკასიამ არ დაანება და ბოლო წამებზე, 2 ქულით გაიმარჯვა.
ეს შედეგი არც ერთ გუნდს არ აწყობდა, რადგან ჯგუფი ბურთების შეფარდებით პირველ ადგილზე გაგრის “ამრა” გავიდა. აფხაზეთის წარმომადგენელმა პირველ ტურში კავკასია 7 ქულით დაამარცხა, მეორეში ივერიონთან 1 ქულა დათმო და ბოლო ტურში ისვენებდა. გაგრელებს კსუ-ს მოგება აწყობდა, თუმცა 1-დან 12-ამდე სხვაობით. გორელებს რომ მოეგოთ, 2 გამარჯვებით პირველ ადგილზე გადიოდნენ.
ასე რომ, მოხდა ის, რომ კავკასიამ გაიმარჯვა, მაგრამ მხოლოდ 2 ქულით და ნახევარფინალში გაგრის “ამრა” გავიდა. ზოგადად კი C ჯგუფი იყო საკმაოდ ტოლძალოვანი და შესაბამისად, საინტერესო. მასში მყოფი სამივე გუნდი მოახლოებულ სუპერლიგაში საკმაოდ თვალსასეირო თამაშებს შესთავაზებს მაყურებლებს.
D ჯგუფი
თსუ vs ორბი (ტყიბული)
სტატისტიკა: 83:84
ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალში გადიოდა. თსუ უმეტესად ლიდერობდა, ბოლო წუთებზეც ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ტყიბულელთა მოწადინებამ და ბოლო წამებზე გიორგი კობახიძის სამქულიანმა ორბს საამაყო გამარჯვება მოუტანა.
უნივერსიტეტელთა რიგებში ისევ არ თამაშობდნენ ლეგიონერები, რომლებიც გუნდს ჯერ არ შეერთებიან, თუმცა ახალგაზრდებიც არანაკლებ დახმარებას უწევენ თსუ-ს. ლაპარაკია 16 წლის მათე ყავლაშვილზე, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად ახლაც 2 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა საშუალოდანაც იხეირა და შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
ყავლაშვილი დიდად დაეხმარა ისეთ გამოცდილ მოთამაშეებს, როგორებიც გიოგი ცინცაძე, ალექსანდრე ფევაძე, ოთო ფხაკაძე არიან. თსუ-ს არაფერი უჭირდა და მშვიდად მიდიოდა გამარჯვებისკენ. თამაშის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები რჩებოდა და თსუ 79:70 იგებდა. აქ კი ტყიბულელთა ლეგიონერებმა იჩაუქეს: ჯერ დონდრე რედიკმა ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ჯეიდან გრეივსმა. თამაში რომ დაიძაბა, ორბმა პრესინგს მიმართა, თსუ-ს ერთ-ერთმა შედეგიანმა მოთამაშე ვილი ისიანმა კი სამქულიანი ააცილა და დეიჯონ ჰენდერსონმა ორქულიანით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
ორბმა პერიმეტრი გადაკეტა, მის მიღმიდან კი ფევაძემ სამიანი არაზუსტად ესროლა და გრეივსმა სამქულიანით თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 79:79. თსუ-მ ბოლო წუთზე მაინც მოახერხა დაწინაურება – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა საჯარიმოებით უნივერსიტეტელები 83:81 დააწინაურა. ორბი ბოლო შეტევაში გიორგი კობახიძემ იხსნა, რომელმაც 3-ქულიანი ჩააგდო და ტყიბულელები ქულით დააწინაურა. თსუ-მ დარჩენილ 20 წამში ქულა ვერ მიითვალა და დამარცხდა. ორბი ნახევარფინალში გავიდა, სადაც გაგრის ამრას შეხვდება, რაც ცალკე აღსანიშნავი ამბავია.
A ჯგუფი
ქუთაისი vs ვსა
სტატისტიკა: 84:89
სუპერლიგის დებიუტანტი ვსა დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალშია. ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში სოლიდური შემადგენლობა შეკრიბეს, რომლის გამწევ ძალას ლეგიონერები წარმოადგენენ, მაგრამ არანაკლებად ქართველები ყოჩაღობენ. სწორი სელექციისა და სინთეზის გამოა, რომ ვსა პლეი ოფში გავიდა და თანაც ჯგუფში სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე მოასპარეზე “ქუთაისი” ჩატოვა.
პელი ოფში გასასვლელ მატჩში საოცარი მიზანი გამოავლინა ჯერმეინ ჰედმა. მოთამაშემ, რომელიც მემორიალზე ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ დიდად ვაქეთ. ჰედს ქებამ არ აწყინა. პირიქით, მან კიდევ უფრო კარგად ითამაშა და ქუთაისს, რომლის მთავარი იარაღი სწორედ შორი სროლებია, 7 სამქულიანი ჩაუგდო (9 ცდიდან). მარტო ჰედი ვერას გახდებოდა, რომ არა სანიკიძის აკადემიელთა გუნდური თამაში. გამოსარჩევია ანზორ ნადირაძის შედეგიან გარჯა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ასევე ძმები – ლევან და მაიზერ რევაზაშვილები და ლუკა ზაქრაძე.
ჯერმეინ ჰედმა საბოლოოდ 30 ქულა ჩააგდო და ვსა-ს გამარჯვებისკენ ულიდერა. აკადემიელები ნახევარფინალში ზესტაფონის მარგვეთს შეხვდებიან, რომელიც B ჯგუფიდან გავიდა პლეი ოფში.
B ჯგუფი
მარგვეთი (ზესტაფოონი) vs რუსთავი
სტატისტიკა: 96:91
დადიანის მემორიალზე “ა” ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი, ტურნირის მასპინძელი “რუსთავი” ოვერტაიმში დამარცხდა და ნახევარფინალში მისი მძლეველი ზესტაფონის “მარგვეთი” გავიდა. ეს გახლდათ მიმდინარე ტურნირის პირველი მატჩი, რომელშიც ოვერტაიმი დაფიქსირდა. ძირითად დროში ზესტაფონელებს მოგება შეეძლოთ, როცა ბოლო წამებზე რუსთაველთა უყურადღებობით ისარგებლეს, ბურთი ჩაჭრეს და გამარჯვების ბურთი კი ჩააგდეს, მაგრამ დროში ვერ ჩაეტივნენ.
დარბაზში მყოფ ადამიანთა უმეტესობამ ჩათვალა, რომ კრისტიან ჯონსმა სროლა მოასწრო, მაგრამ გამოცდილმა მსაჯმა, გურამ მიქელაძემ ბურთი არ ჩათვალა და სწორედაც მოიქცა. მოგვიანებით, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ საფინალო სირენა მანამდე გაისმა, სანამ ჯონსი ბურთს ხელიდან გაუშვებდა.
დამატებით დროში მარგვეთმა მაინც მოიგო, რადგან უმჯობესად ითამაშა დაცვასა და შეტევაში. რუსთაველებმა ბოძებული შანსი ძირითად დროში ვერ გამოიყენეს, რომცა ბოლო წუთებზე 4 ქულით ლიდერობდნენ და რამდენიმე შეტევა გააცუდეს. მარგვეთს საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავს და თუკი ქართველებიც თავის მაქსიმუმს გააკეთებენ, ზესტაფონელებს მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი გუნდი ეყოლებათ.
რუსთავთან მატჩში მარგვეთს სწორედ ქართველმა – ვახტანგ გაფრინდაშვილმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა სანდრო სანაძეს, საბა შარვაშიძის ანგარიშზე კი 7 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. რუსთაველთაგან შედეგიანობით გამოირჩა გუგა პატაშური, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. 22 ქულა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე დაგროვდა.
ნახევარფინალები 3 ოქტომბერს, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება:
15:00 ვსა VS მარგვეთი
17:00 ამრა VS ორბი