“ენერჯი–ინვესტმა” “სოხუმთან” დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა

“ენერჯი–ინვესტმა” “სოხუმთან” დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა

დღეს რუსთავში სუპერლიგის მე–14 ტური „ენერჯი“–„სოხუმის“
მატჩით დაიწყო. ქვემოქართლურმა გუნდმა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში წაუგებელია,
არც ამჯერად დაარღვია წარმატებული სერია და სოხუმელები 103:69 დაამარცხა.

მასპინძლები ზედმეტი მობილიზების გარეშე შეხვდნენ ამ მატჩს, რაკი
მეტოქე შედარებით სუსტი ჰყავდათ და ეს თამაშმაც გამოაჩინა. რუსთაველებმა დაასვენეს
კამერუნელი ლეგიონერი ჟოლივეტ ტუჯანი და მიუხედავად ამისა, არაფერი გასჭირვებიათ.

პირველი ტაიმი „ენერჯი–ინვესტმა“ 31:13 მოიგო, ხოლო პირველი ტაიმის
შემდეგ უპირატესობა 24 ქულამდე გაზარდა – 55:31. მასპინძლებს კოტე ტუღუში და ზვიად
ბაბიაშვილი ლიდერობდნენ. პირველმა 20, ხოლო მეორემ 22 ქულა მოაგროვა.

სოხუმელთაგან კი თავი ბუბა ბერიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 4
სამქულიანი ჩაუგდო მასპინძლებს.

პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველებმა ოდნავ მოუშვეს მარყუჟებს და მეორე
ტაიმი 10 ქულით მოიგეს. საბოლოოდ „ენერჯი–ინვესტმა“ 34–ქულიანი გამარჯვება მოიპოვა
და მიმდინარე სუპერლიგაში ზედიზედ მე–15 გამარჯვება მოიპოვა.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში მე–15 ტურის სამი მატჩი გაიმართება:
სსაუ – „ბათუმი“ (14:00), „სამედ/აკადემია“ – შსს (16:00), „ჭიათურა“ – „დინამო“
(18:00).
მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=200