„ენერჯი-ინვესტი“ საქართველოს ჩემპიონია! რუსთაველებმა დღეს დრამატულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში
დაამარცხეს თსუ და ფინალური სერიის 3:1 მოგებით ჩემპიონის ტიტული დაიცვეს.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 76:76 დამთავრდა და ეს რომ ასე მოხდა,
რუსთველების საოცარი ბრძოლისუნარიანობისა და მონდომების ბრალია. თსუ-მ თამაშის
ბოლო წუთებზე ირაკლი კეიდიასა და გიორგი კუჭავას სამქულიანების წყალობით საფინალო
სირენამდე ორიოდ წუთით ადრე 68:64 დაწინაურდა. თბილისელებმა კიდევ უფრო უმატეს
ტემპთან ერთად სიზუსტეს და დავით ბარბაქაძენ ორქულიანს პლუს საჯარიმოთი ძირითადი
დროის დასრულებამდე 1,25 წუთით ადრე თსუ 6 ქულით – 71:65 დააწუნაურა.
რუსთაველებმა ტაქტიკური ჯარიმებით სცადეს დროის მოგება და ვითარების
გამოსწორება, თუმცა სტუდენტები საჯარიმოებს აგდებდნენ და თამაშის დასრულებამდე 50
წამით ადრე თსუ 76:71 იგებდა.
ასეთ ვითარებაში თსუ-ს გამარჯვება გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მატჩის
გმირმა, ანატოლი ბოისამ, რომელმაც მანამდეც ჩააგდო რამდენიმე სამქულიანი, ლამის
სასწაული მოახდინა. მან საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე სამქულიანი ესროლა,
რომელიც ააცილა, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი თავადვე მოიხელთა და თან ისე, რომ
კვლავ სამქულიანი ნიშნულის მიღმა იდგა. ბოისამ განმეორებით ესროლა და ჩააგდო, რის
შემდეგაც ანგარიში 2 ქულამდე შემცირდა. რუსთაველებმა თსუ0ს იქვე ჩაუჭრეს, კოტე
ტუღუშმა შალვა კოხრეიძეს მოპარა ბურთი და სამქულიანი ესროლა, მაგრამ მას კუჭავამ
დააფარა და ბურთი დამთავრებამდე 27 წამით ადრე რუსთაველებს დარჩათ.
სტუმრებმა შეუტიეს და ფარქვეშ ზვიად ბაბიაშვილი მონახეს, რომელმაც
ანგარიში გაათანაბრა. თსუ-ს 10 წამი ჰქონდა შესატევად, მაგრამ რუსთაველებმა
ყოჩაღად ითმაშეს დაცვაში და დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმში ისევ თსუ-მ იძალა, თუმცა რუსთაველები თავს არ იწუხებდნენ
და შორი სროლებით მეტოქეს არ რჩებოდნენ. სტუმრებმა დამატებით დროში 4 სამქულიანი
ჩააგდეს, თუმცა თსუ ფარქვეშ ყოჩაღობდა და ანგარიში თანაბარი იყო.
დამატებითი დროის ამოწურვამდე 40 წამით ადრე კოხრეიძის საჯარიმოს
შემდეგ თსუ 90:87 დაწინაურდა, თუმცა ბოისამ სამიანით ანგარიში კვლავ გაათანაბრა.
რუსთაველები ჯარიმდებიან და შიო ხეცურიანი თსუ-ს კვლავ აწინაურებს –
92:90 სირენამდე 30 წამით ადრე. აქ კი რუსთაველებმა უმნიშვნელოვანესი ბურთი
ჩააგდეს – კოტე ტუღუშმა სამქულიანით 93:92 დააწინაურა ქვემოქართლელები და თსუ-ს
ბოლო შეტევისთვის15 წამი დარჩა.
სტუდენტებმა შეუტიეს, ფარქვეშ შესულმა შიო ხეცურიანმა ააცილა, ბურთი მისიანმა
ვახტანგ მინაშვილმა მოხსნა, რომლის სროლაც არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ისევ
ხეცურიანმა მოიხელთა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და მას სროლისას რუსთაველმა ჟოლივეტ
ტუჯანმა დააფარა. ასეთ დრამატულ ორთაბრძოლაში გაილია ბოლო წამები. ტუჯანის
დაფარების შემდეგ ბურთი რუსთაველმა ლევან ცეკვავამ მოიხელთა და საფინალო სირენის
თანხლებით ამ მატჩში ბოლო ბურთი ჩააგრო.
რუსთაველებმა 95:92 გაიმარჯვეს და სპორტის სასახლეში კარგა ხანს მათი
საზეიმო ყიჟინა ისმოდა.
„ენერჯი-ინვესტი“ ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი და
გამარჯვებულები ამჯერადაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ბესიკ
ლიპარტელიანმა დააჯილდოვა
სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/09-10/result/271
ფოტოგალერეა # 1
ფოტოგალერეა # 2