მე–10 ტური დღეს რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო, ხვალ კი თბილისში
დასრულდება. „ენერჯი–ინვესტმა“ პირველი ტაიმის წაგების მიუხედავად საბოლოოდ მაინც
დაამარცხა ახალგაზრდული და მებრძოლი სსაუ, რითაც ლიდერ თსუ–ს გაუთანაბრდა.
აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა მძლავრად დაიწყო თამაში და პირველი
მეოთხედი 21: 18 მოუგო მასპინძლებს. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა მეორე ათწუთეულში
კიდევ უფრო მოუმატა და „ენერჯი–ინვესტის“ ყოფილი წევრის, რევაზ ჩაჩანიძის სიზუსტის
წყალობით დიდი შესვენებისთვის 7 ქულით დაწინაურდა – 38:31. ის 10 ქულა, რომელიც
ჩაჩანიძემ ამ თამაშში ჩააგდო, მთლიანად მეორე მეოთხედზე მოდის.
ფოტოგალერეა: http://superleague.ge/gallery.php
დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა „ენერჯი–ინვესტი“ ვიხილეთ.
მასპინძელთა უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ ლიდერობა ითავა და ეს მშვენივრად
გამოუვიდა. ის მესამე მეოთხედში შეუმცდარი იყო: 4–დან 4 ორქულიანი და 5–დან 5 საჯარიმო
ჩააგდო და 13 ქულა მოიპოვა. მისი, ზურაბ მაჭავარიანისა და ჟოლივეტ ტუჯანის აქტიურობით
რუსთაველებმა 24:12 მოიგეს მესამე მეოთხედი და 55:50 დაწინაურდნენ.
ბოლო მეოთხედშიც ბევრი არაფერი შეცვლილა. სსაუ კუდში მისდევდა „ენერჯის“,
მაგრამ თამაშის მოგება ვერ მოახერხა. შეხვედრის ბომბარდირი წივწივაძე გახდა 23
ქულით, ჟოლივეტ ტუჯანიმ კი 18 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა. აგრარული უნივერსიტეტის
გუნდში დავით ხანიაშვილი გამოირჩა 18 ქულით.
ამ გამარჯვებით „ენერჯი–ინვესტი“ ლიდერ თსუ–ს გაუთანაბრდა. ორივე
გუნდს 7 მოგება და 2 მარცხი აქვთ. თუმცა ცხრილში ცვლილებები ხვალ აუცილებლად
მოხდება, სპორტის სასახლე კიდევ სამ მატჩს მასპინძლობს, რომელთაგან გამორჩეულიც „არმიასა“
და შსს–ს დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=320