“ენერჯიმ” თსუ–სთან მოგება და ტაში დაიმსახურა

“ენერჯიმ” თსუ–სთან მოგება და ტაში დაიმსახურა

მიმდინარე სუპერლიგაში დაუმარცხებელმა „ენერჯი–ინვესტმა“ ამ სეზონის
ერთადერთი წაგება თსუ–სგან სათასო მატჩში იგემა. დღეს რუსთაველები სუპერლიგის მორიგ ტურში სტუდენტებს შეხვდნენ და დამაჯერებელი რევანშიც აუღეს.

მიხეილ ბერუაშვილის დამოძღვრილმა ქვემოქართურმა გუნდმა თსუ–ს ისე
მოუგო, საკუთარი გულშემატკივრებით სავსე დარბაზი არ უნერვიულებია. ანგარიშიდანაც
კარგად ჩანს, თუ რამხელა უპირატესობა ჰქონდათ რუსთაველებს. ერთადერთი კრიტიკული
ეპიზოდი მასპინძელთათვის სადებიუტო წუთები იყო, როცა შიო ხეცურიანისა და მიხეილ
ფანჩულიძის შედეგიანობამ სტუდენტები 7:2 დააწინაურა. ეს იყო ის მაქსიმუმი, რასაც
თბილისურმა გუნდმა ამ მატჩში მიაღწია. კოტე ტუღუშისა და ანატოლი ბოისას
ძალისხმევით, რუსთაველებმა ეს ჩამორჩენა ორიოდ წუთში გააბათილეს და პირველი
მეოთხედი სათავისო ანგარიშით – 19:14 დაასრულეს.

„ენერჯი–ინვესტმა“ საგულდაგულოდ გადარაზა საკუთარი ფარისკენ მიმავალი
გზები და დაცვაში ყოჩაღობით საკმაოდ კარგად იხეირა. დიდი შესვენებისთვის ლიდერობა
9 ქულამდე გაზარდა და მეორე ტაიმის საწყის წუთებში სტუდენტებს საქმეც მოუთავა.
მესამე მეოთხედის განახლება იყო და რუსთაველთა ფორვარდი ზვიად ბაბიაშვილი
შეუჩერებელი შეიქნა. მისი გამჩერებელი თსუ–ს ფარქვეშ ვერავინ მოინახა და მესამე
ათწუთეულის შუაში მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია – 56:36.

დაწინაურებამ ხელფეხი გაუხსნა რუსთაველთა ახალგაზრდულ ფრტასაც – აკაკი
დვალიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და ლევან ცეკვავა ტოლს არაფერში უდებდნენ სტუდენტებს და
გადამწყვეტი მეოთხედისთვის „ენერჯი–ინვესტი“ 23 ქულით იგებდა – 67:44.

ბოლო ათწუთეული რომ დაიწყო, გამოჩნდა, რომ თსუ ამ ჩამორჩენის
გამბათილებელი არ იყო და ყველაფერი საბოლოოდ მასპინძელთა სოლიდური გამარჯვებით
დასრულდა. თსუ–მ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი იგემა და მესამე ადგილზე
ჩამოქვეითდა. მე–13 ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში 3 მატჩით დასრულდება.

მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=195