დღეს, ავსტრიის მყუდრო ქალაქ შტაინბურნში საქართველოს ეროვნული ნაკრები არასრულად შეიკრიბა. რამდენიმე ლეგიონერი ჯერ არ ჩასულა ავსტრიაში, ისინი ეროვნულ გუნდს თანდათან შეუერთდებიან, ხოლო ნაკრების ერთი წევრი, მიხეილ ბერიშვილი უცხოურ შეკრებაზე წასვლას ვერ ახერხებს. ავსტრიაში ამჟამად ნაკრების 7 წევრი იმყოფება, სერბი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც უკვე ჩავიდა შტაინბურნში და დღეს საღამოს პირველ ვარჯიშ ჩაატარებს. ავსტრიაშია ეროვნული ნაკრების მენეჯერი მერაბ რატიშვილიც, რომელსაც ტელეფონით გავესაუბრეთ…
– ვენაში წუხელ ჩავფრინდით, საიდანაც პროვინციულ, მყუდრო ქალაქ შტაინბურნში ჩამოვედით და სავარაუდოდ საღამოს პირველ ვარჯიშსაც გავმართავთ.
– მთავარი მწვრთნელი ჩამოვიდა?
– იგორ კოკოშკოვი ჩამოფრინდა შუადღეს და ახლა ვენიდან შტაინბურნში მოემგზავრება. როგორც დაგეგმილია, საღამოს კოკოშკოვი ვარჯიშს გაუძღვება.
– ჩვენი ნაკრების რამდენი მოთამაშეა ამჯერად ავსტრიაში და დანარჩენებს როდის ელით?
– ავსტრიაში თბილისიდან 7 კალათბურთელი ჩამოვიდა: გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, კოტე ტუღუში, ლაშა გამყრელიძე და ანატოლი ბოისა. 25 ივლისს ჩამოდის ვლადიმერ ბოისა, ხოლო 27–ში ის სამი მოთამაშე შემოგვიერთდება, რომლებიც ამჟამად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არიან – თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი და ლევან შენგელია. ვიცით ასევე ტაირონ ელის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და ის 2 აგვისტოს აქ იქნება. რაც შეეხებათ ზაზა ფაჩულიას და ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ისინი მალე შეუერთდებიან ნაკრებს, თუმცა ჯერ ზუსტი თარიღი არაა ცნობილი.
– მიხეილ ბერიშვილის ამბავი როგორაა?
– ბერიშვილი ავსტრიაში ვერ ჩამოვა. მას ვიზას არ აძლევენ, რადგან ის ვიზა, რომელიც შარშან გავუკეთეთ, ამოწურა. მას ჰქონდა უფლება, შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღე გაეტარებინა და რაკი გასული სეზონის ბოლოს ესპანეთში იყო სათამაშოდ წასული, ლიმიტი თითქმის ამოწურული აქვს. ერთი სიტყვით, ის ავსტრიაში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს.
საქართველოს ნაკრებს პირველი სპარინგ–მატჩი 31 ივლისს უწევს ჰოლანდიასთან. კოკოშკოვის გუნდი შტაინბურნიდან ქალაქ უტრეხტში გადაინაცვლებს და 2 დღეში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან. ხოლო 7 და 8 აგვისტოს ქართველებს ქალაქ ბადენში ავსტრიის ნაკრებთან მოუწევს სპარინგ–მატჩები.
საქართელოს ნაკრები თბილისში 13 აგვისტოს დაბრუნდება და 15–ში უკვე პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს ლუქსემბურგთან. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი მომდევნო მეტოქეები იქნებიან: ირლანდია (19 აგვისტო), სლოვაკეთი (22 აგვისტო), შვედეთი (26 აგვისტო)